დმანისში განვითარებულ მოვლენებს – ეთნიკური პრინციპით დაყოფილი მოჩხუბარი ჯგუფების შეტაკებას, ჯერ გაგის ციხეზე ჯვრის რამოდენიმეჯერ დაზიანება და შეურაცხყოფა უსწრებდა წინ, ხოლო შემდეგ, ჯოჯოხეთის მუგუზალივით, აზერბაიჯანის საელჩო დაემატა.
„აზერბაიჯანის რესპუბლიკის საელჩო საქართველოში მაშინვე გამოეხმაურა დმანისში აზერბაიჯანელების კუთვნილ “ომარის” მაღაზიაზე მასობრივ თავდასხმას და მის გარშემო მომხდარ შეტაკებებს. საელჩოს თანამშრომლები ადგილზე იმყოფებოდნენ, გაეცნენ სიტუაციას და დაუკავშირდნენ საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს, ასევე ადგილობრივ ხელისუფლებას. ინციდენტთან დაკავშირებით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ტარდება აუცილებელი ზომები.
ამ თვალსაზრისით, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ამ უსიამოვნო მოვლენის პოლიტიკურად შემოსვა ჩაცმა, მისი აღწერა როგორც ეთნიკური დაპირისპირება, არ შეესაბამება აზერბაიჯან-საქართველოს ურთიერთობების სულისკვეთებას, რომელიც სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე ვითარდება. საელჩო თავის თანამემამულეებს მოუწოდებს, არ აყვნენ რაიმე პროვოკაციებს, აჩვენონ პოლიტიკური სიმწიფე და პასუხისმგებლობა.
ინციდენტი უნდა შეფასდეს წმინდა იურიდიულ დონეზე და დამნაშავე ცნონ ინდივიდუალურად საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ამ უსიამოვნო მოვლენის უარყოფითი შედეგების თავიდან ასაცილებლად, საელჩო განაგრძობს რეგულარულ კონტაქტებს საქართველოს შესაბამის ორგანოებთან.
ძვირფასო თანამემამულეებო,
თქვენ ყოველთვის იყავით აზერბაიჯან-საქართველოს მეგობრობის ნათელი გამოვლინება. საელჩო ყოველთვის მზადაა დაგეხმაროთ ამ მნიშვნელოვანი მისიის შესრულებაში და გამოხატავს მის ნდობას თქვენი სიბრძნისადმი”, – ასეთი შინაარსის განცხადება გაავრცელა საქართველოში აზერბაიჯანის საელჩომ (სტილი და პუნქტუაცია დაცულია).
აშკარაა, რომ აზერბაიჯანული მხარე განაგრძობს საქართველოში მშვიდობიან “პენეტრაციას”, ჩვენს მოქალაქეებს საკუთარ თანამემამულეებად მოიხსენიებს და ცდილობს, თავი მშვიდობისმყოფელად გამოაჩინოს – ქართველებსა და უკვე კარგა ხანს ძალით გააზერბაიჯანელებულ ბორჩალოელ თათრებს შორის. ეს ვითომ მშვიდობისმყოფელობა იდიოტის მეტი არავის სჯერა, მაგრამ საქართველო, სამწუხაროდ, ძალიან ბევრ იდიოტს იტევს, მათ შორის და განსაკუთრებით – ხელისუფლებაში. იდიოტიზმს კი გამყიდველობაც ემატება. აზერბაიჯანის საელჩოს მიერ ძალის დემონსტრირებას ისე ჩაყლაპავენ, როგორც შარლ მიშელის მიერ გამოწერილ “აბებს” ყლაპავენ.
თუ რადიკალურად არ აღიკვეთა აზერბაიჯანის ჩარევა ჩვენს საშინაო საქმეებში, ეს ყველაფერი ძალიან ცუდად დამთავრდება, თანაც მალე. საქართველომ უნდა განავითაროს თავისი სამეზობლო პოლიტიკა ჩრდილოეთის მიმართულებით – ეს არის ერთადერთი ბალანსის საშუალება, რომ თურქულმა სამყარომ საბოლოოდ არ შთანთქას ობოლი, უნათესაო ქართველობა.
გულბაათ რცხილაძე