ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე: საქართველოსთან ნატოს პარტნიორობა მტკიცე და მჭიდრო რჩება.
საქართველოსთან ნატოს პარტნიორობა მტკიცე და მჭიდრო რჩება, რაც ჩვენს საერთო უსაფრთხოებაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს – განაცხადა ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ, გენერალმა სტიუარტ პიჩმა.
ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ რუსეთი განაგრძობს დესტაბილიზაციის გამომწვევი ქმედებების განხორციელებას, მათ შორის უკრაინისა და საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფას.
„საქართველომ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ავღანეთში „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“ და ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში მონაწილეობს. წლების განმავლობაში, ჩვენი თანამშრომლობის შედეგად, საქართველოს ძალებმა თავიანთი შესაძლებლობები გაზარდეს და უფრო ეფექტური გახდნენ“ – აღნიშნა სტიუარტ პიჩმა.
ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ ასევე განაცხადა, რომ ნატოსა და საქართველოს შორის პრაქტიკული თანამშრომლობის დონე ძლიერია.
ნატოს წევრი ქვეყნების გენერალური შტაბების ხელმძღვანელებმა ქართველ და უკრაინელ კოლეგებთან შეხვედრა გამართეს, რომელზეც საქართველოსა და უკრაინის ნატოსთან თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
წყარო: newposts.ge