აშშ-ს რუსეთთან უფრო სტაბილური და პროგნოზირებადი ურთიერთობა სურს, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან შეხვედრისას განაცხადა.
დიპლომატები ერთმანეთს რეიკიავიკში არქტიკული საბჭოს ფარგლებში შეხვდნენ. მოლაპარაკება თითქმის ორ საათს გაგრძელდა. ეს მათი პირველი შეხვედრაა.
სერგეი ლავროვის თქმით, მხარეებს სერიოზული აზრთა სხვადასხვაობა აქვთ რიგ საკითხებზე, თუმცა თანამშრომლობენ ისეთ საკითხებში, სადაც მათი ინტერესები ემთხვევა. რუსმა დიპლომატმა შეხვედრა კონსტრუქციულად შეაფასა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თქმით, ორ ქვეყანას შეუძლია, ერთად იმუშაოს კორონავირუსის პანდემიის დასამარცხებლად, კლიმატური ცვლილებების გამოწვევების წინაშე, ირანისა და ჩრდილოეთ კორეის ბირთვულ პროგრამებთან გამკლავებასა და ავღანეთში ომის საკითხებზე.
მხარეებმა ასევე განიხილეს კიბერუსაფრთხოება და რუსეთის შეიარაღებული ძალების გადაადგილება უკრაინის საზღვართან. ამასთან, ენტონი ბლინკენმა მოუწოდა რუსეთს, გაათავისუფლოს აშშ-ის მოქალაქეები პოლ ველანი და ტრევორ რისი, სახელმწიფო მდივანმა ასევე წამოწია პატიმრობაში მყოფი ალექსეი ნავალნის საკითხი.