„ამ ეტაპზე, შესაძლებელი გახდა მიშელის მედიაციით მიღწეული შეთანხმებაში აღნიშნული ამბიციური საარჩევნო რეფორმის მნიშვნელოვანი საკითხების გადმოტანა უკვე კანონში, თუმცა, რჩება მთელი რიგი საკითხები, რომელთა გაუმჯობესებაც არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ამბიციურმა საარჩევნო რეფორმამ რეალურად მიაღწიოს თავის მიზანს.
ეს არის საარჩევნო პროცესის ნდობის დაბრუნება და რეალური, სამართლიანი, გამჭვირვალე, თანასწორუფლებიან გარემოსკენ წაყვანა იმ ვითარებისა, რომელიც იცით რამდენად პრობლემურია დღეს”,- ამის შესახებ ფრაქცია „ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრმა ანა ნაცვლიშვილმა პარლამენტში, საარჩევნო რეფორმის პირველი ეტაპის შეჯამებისას განაცხადა.
“სულ რაღაც 5 თვეში ახალი ტესტი ელოდება საარჩევნო სისტემას. ამიტომ მთავარი ამოცანა არის ის, რომ ამ რეფორმამ ნდობა მოიტანოს სისტემის მიმართ. ამის მხოლოდ ერთი ეტაპი განხორციელდა სამუშაო ჯგუფის ფორმატში, თუმცა, რჩება ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპები, სადაც ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას და ბრძოლას იმისთვის, რომ რაც შეიძლება სრულყოფილი, კომპლექსური საარჩევნო ცვლილებები მივიღოთ, რამაც ეს ნდობა უნდა უზრუნველყოს. მათ შორის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ვენეციის კომისიის მეორე დასკვნა კანონპროექტთან დაკავშირება, ასევე საკომიტეტო ფორმატებში მუშაობა. ამ კვირაში, პარასკევს და შაბათს იქნება ორი შესაბამისი კომიტეტის სხდომა.
ერთი არის კანონში ცვლილებების შეტანა და მეორე – როგორ მოხდება ამ ცვლილებების პრაქტიკაში დანერგვა. მთელი სამოქალაქო სპექტრი, ოპოზიცია და მედია უნდა ვიდგეთ სადარაჯოზე როგორ დაკომპლექტდება არა მხოლოდ ცესკო, რომელიც უმნიშვნელოვანესია, არამედ თითოეული საუბნო საარჩევნო კომისია. ეს მოითხოვს კოლოსალურ შრომას და ენერგიას, მაგრამ უნდა გავაკეთოთ.
ჩვენი მთავარი ამცანაა ის, რომ ახალი წევრები, რომლებიც ცესკოში შევლენ მაღალი კვალიფიკაციის და კეთილსინდისიერების იყვნენ. ასევე მნიშვნელოვანია დავებთან დაკავშირებული საკითხები, სადაც მექანიზმების გაძლიერებაზეა საუბარი, რომ არ მივიღოთ ფორმალური განხილვები ან ფორმალური ბარიერები. იცით, რომ კანონი დაარეგულირებს უბნების 10%-ის ავტომატურად გადათვლას, რამაც უნდა დააზღვიოს იმ ტიპის მანიპულაციები, რომელსაც ადგილი ჰქონდა 31 ოქტომბერს“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.
წყარო: itv.ge