საუბარი კონსტრუქციულად მეჩვენა, არსებობს გაგება იმასთან დაკავშირებით, რომ საჭიროა, დაიძლიოს არაჯანსაღი სიტუაცია, რომელიც წინა წლებში მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის შეიქმნა , – რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ამერიკელ კოლეგასთან მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთი მზადაა, განიხილოს ორმხრივ დღის წესრიგში არსებული ნებისმიერი საკითხი.
„მზად ვართ, როგორც პრეზიდენტმა პუტინმა არაერთხელ აღნიშნა, თანასწორობის, ურთიერთპატივისცემის, ინტერესთა ბალანსის დამყარების საფუძველზე, განვიხილოთ და გადავწყვიტოთ ნებისმიერი საკითხი, რომელიც ჩვენს ორმხრივ დღის წესრიგშია – რეგიონალურ და გლობალურ პრობლემებთან, კონფლიქტებსა და კრიზისთან დაკავშირებით, ”- აღნიშნა ლავროვმა.
მისივე თქმით, მოსკოვმა დაადასტურა მზადყოფნა სტრატეგიულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით აშშ-სთან დიალოგის გამართვასთან დაკავშირებით.
„დღეს ჩვენ დავადასტურეთ წინადადება დიალოგის დაწყებასთან დაკავშირებით, ყველა ასპექტის, ყველა ფაქტორის განხილვით, რომელიც გავლენას ახდენს სტრატეგიულ სტაბილურობაზე: ბირთვული, არაბირთვული, შეტევითი, თავდაცვითი,” – აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს შორის პირველი შეხვედრა რეიკიავიკში, არქტიკის საბჭოს მინისტერიალის ფარგლებში, გაიმართა.