თამარ ჟვანია არჩევნებს ვერ ჩაატარებს – ბადრი ჯაფარიძე

“თამარ ჟვანია ვერ ჩაატარებს არჩევნებს, არჩევნებს ჩაატარებს ახალი ადმინისტრაცია, 10 ახალი წევრი დაინიშნება” – ამის შესახებ „ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის“ თავმჯდომარე ბადრი ჯაფარიძემ პარლამენტში ჟურნალისტებს განუცხადა.

„ჩვენ საოლქო, საუბნო კომისიებში ყველგან დამატებით 8 ოპოზიციონერი გვეყოლება. ცესკო-ში 10 ახალი წევრი იქნება, ეს არის რადიკალური ცვლილება.

ახლა კონცენტრირება უნდა მოვახდინოთ ახალი წევრების არჩევაზე, ოპოზიციის მხრიდან წევრების დანიშვნაზე, ეს უკვე იძლევა უმრავლესობას ცესკო-ში, ვგულისხმობ ახალ წევრებს. საოლქო დონეზე ეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი.

ამიტომ, ყველა ოპოზიციურმა პარტიამ უნდა იზრუნოს, რომ დროულად შეარჩიოს შესაბამისი კანდიდატურები საოლქო კომისიებში იმისთვის, რომ ჩვენ იქ გვყავდეს 8 წარმომადგენელი, ასევე საუბნოზეც. თუ ოპოზიციურმა პარტიებმა ყველა შესაძლებლობა სრულად გამოვიყენეთ, ეს იქნება სრულიად ახალი ტიპის და ახალი სტანდარტის არჩევნები“ – განაცხადა ჯაფარიძემ.

წყარო: newposts.ge