ჩინურ ვაქცინა Sinovac-ზე რეგისტრაცია იწყება

საქართველოს მოსახლეობა დღეს, 12:00 საათიდან Sinovac-ის ვაქცინის გაკეთებაზე რეგისტრაციას შეძლებს, ხოლო აცრა 24 მაისიდან იქნება შესაძლებელი.

ჩინური ვაქცინა Sinovac-ი, Sinopharm-ის მსგავსად, ინაქტივირებული (მკვდარი) კორონავირუსის საფუძველზეა შექმნილი. მან 2020 წლის შუა პერიოდიდან დაწყებული კლინიკური კვლევების მესამე ფაზა გაიარა.

 

ვაქცინაციისთვის საჭიროა სპეციალურ პორტალზე booking.moh.gov.ge  დარეგისტრირება და ვიზიტის დაჯავშნა. ამასთან, მსურველებს შეუძლიათ რეგისტრაციისთვის დარეკონ ნომერზე 15-22.

საქართველოში ჩინური Sinopharm-ით ვაქცინაცია 4 მაისს დაიწყო. ვაქცინის გაკეთება შეუძლიათ 18 წელს ზემოთ ასაკის პირებს. ვაქცინის სრული დოზის მისაღებად აუცილებელია ორი ინექციის გაკეთება 21-დღიანი ინტერვალით.

Sinovac-ის გამოყენება ასევე ნებადართულია 18 წელს ზემოთ პირებისთვის, Sinopharm-სგან განსხვავებით, მეორე ინექციის გაკეთება 14-დან 28 დღემდე ინტერვალშია შესაძლებელი. აღნიშნულ პრეპარატებს სხვა კოვიდ-საწინააღმდეგო ვაქცინებთან შედარებით ნაკლები გვერდითი მოვლენები აქვს.

კომპანია Pfizer: საქართველო აუცილებლად მიიღებს ერთ მილიონ დოზა ვაქცინას>>

ჩინურმა Sinopharm-მა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისგან ავტორიზაცია 5 მაისს მიიღო. Sinovac-ი ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისგან (ჯანმო) ავტორიზაციის მინიჭებას ელოდება, თუმცა აღნიშნულ ვაქცინას საკმაოდ კარგი პირველადი შეფასება უკვე აქვს ჯანმოს სამეცნიერო ექსპერთა კომიტეტის მხრიდან.

საქართველოში 15 მარტიდან კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პირველი ეტაპი AstraZeneca-ს ვაქცინით დაიწყო. ამ ეტაპზე იმუნიზაცია Sinopharm-ის, AstraZeneca-ს და Pfizer-ის ვაქცინებით ხორციელდება.

“სპუტნიკი”