ბაიდენის პირველი 100 დღე ოფისში – მიმოხილვა

ჯო ბაიდენი – 306, დონალდ ტრამპი – 232 – 7 იანვარს აშშ-ს კონგრესმა საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატი ჯო ბაიდენის გამარჯვება ოფიციალურად დაამტკიცა.

20 იანვარს აშშ-ის კაპიტოლიუმში ინაუგურაციის ცერემონია გაიმართა და ჯო ბაიდენიც უფლებამოსილების შესრულებას შეუდგა.

100 დღე მედიისა და საზოგადოების მხრიდან, ამერიკის ახალი პრეზიდენტის პრიოტეტების და გადადგმული ნაბიჯების შეფასების სიმბოლურ თარიღადაა ქცეული.

ამ სტატიაშიც სწორედ აშშ-ს ამჟამინდელი ლიდერის, ჯო ბაიდენის პრეზიდენტობის პირველ 100 დღეს მიმოვიხილავთ.

|როგორი იყო ბაიდენის პრეზიდენტობის პირველი 100 დღე

კორონავირუსის პანდემია:
ბაიდენის თავდაპირველი მიზანი, მისი პრეზიდენტობის პირველი 100 დღის განმავლობაში, ვაქცინის 100 მილიონი დოზის განაწილება იყო.

CNN-ის ინფორმაციით ბაიდენის ადმინისტრაციამ ამ მიზანს პრეზიდენტობიდან ჯერ კიდევ მესამოცე დღეს, მარტის შუა რიცხვებში მიაღწია. 21 აპრილს კი ვაქცინების დოზების რიცხვი 200 მილიონამდე გაიზარდა.

ბაიდენის პრეზიდენტობის პირველ თვეებში აშშ-მ კოვიდის ვაქცინების მილიონზე მეტი დოზა შეიძინა. ახლა თეთრ სახლში აცხადებენ, რომ ქვეყანას მაისის ბოლომდე ახალგაზრდა მოსახლეობის ასაცრელად საჭირო ვაქცინების რაოდენობა ექნებათ.

ასევე, ვაქცინებზე ხელმისაწვდომობის გასაზრდელად, ბაიდენის ადმინისტრაციამ „საცალო სააფთიაქო პროგრამა“ წამოიწყო, რომლის ფარგლებშიც, აფთიაქების ვაქცინაციის ცენტრებად გადაქცევა მოხდა. ვაქცინაციის პუნქტები გაიხსნა სათემო ჯანმრთელობის ცენტრებშიც. ბაიდენის ბრძანებით გაფართოვდა ვაქცინაციის მიმღებთა წრეც. საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან პარტნირობის შედეგად, ვაქცინაციის ცენტრებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ტრანსპორტირების უზრუნველყოფა მოხდა.

ბაიდენის ადმინისტრაციამ COVAX-ს პლატფორმას 4 მილიარდი დოლარი შესწირა. აშშ-ს ამჟამინდელმა პრეზიდენტმა, ჯანდაცვის ექსპერტები და მეცნიერები თავის ადმინისტრაციაში მთავარ ფიგურებად აქცია. კერძოდ, ჯო ბაიდენმა აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორი სამედიცინო საკითხებში მთავარ მრჩევლად დანიშნა. ბაიდენის გაპრეზიდენტების შემდეგ თეთრ სახლში კორონავირუსის საკითხზე რეგულარული ბრიფინგები განახლდა, რომელიც ტრამპის ადმინისტრაციის დროს შეწყდა.

|ეკონომიკა

ინაუგურაციამდე რამდენიმე დღით ადრე, ჯო ბაიდენმა კორონავირუსის პანდემიის შედეგად დაზარალებული ამერიკის ეკონომიკის გადასარჩენად 1.9 ტრილიონი დოლარის ღირებულების ეკონომიკის სტიმულირების გეგმა წარადგინა.

მარტში აშშ-ს სენატმა ბაიდენის მიერ შეთავაზებული კანონპროექტი დაამტკიცა, რომელიც „ამერიკელების გადარჩენის გეგმის“ სახელითაა ცნობილი. აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, 6 მარტს განაცხადა, რომ სენატის მიერ ქვეყნის მოქალაქეებისთვის და აშშ-ის ეკონომიკისთვის დახმარების შესახებ კანონპროექტის დამტკიცება წარმოადგენს ამერიკელთა უმრავლესობისთვის ერთჯერადი თანხის, 1400 დოლარის გადახდის დასაწყისს.

კანონპროექტის დამტკიცებიდან დღემდე, დახმარების 1 400 დოლარის ღირებულების პაკეტი ბაიდენის ადმინისტრაციისაგან 160 მილიონზე მეტმა ადამიანმა მიიღო. 80 მილიარდ დოლარზე მეტი საგანმანათლებლო დაწესებულების გაუმჯობესებისთვის, 39 მილიარდი დოლარი კი ბავშვთა მოვლის პროვაიდერებისთვის გამოიყო.

ასევე, უმუშევრებისთვის ადმინისტრაციამ ყოველკვირეულად 300 დოლარის დახმარება უზრუნველყო. კანონპროექტის ფარგლებში შტატების, ადგილობრივი მთავრობების დასახმარებლად 350 მილიარდი დოლარი გამოიყო.

თუმცა, უნდა აღინიშნოს ხარვეზებიც. კერძოდ, ახალი საგრანტო პროგრამის განხორციელება, რომელიც პანდემიის შედეგად დაზიანებული სარესტორნო ბიზნესის დახმარებას გულისხმობს, ჯერ არ დაწყებულა. ასევე, ადმინისტრაციის საქმიანობა, რომელიც დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე იმ ოჯახებისთვის, რომელთა შვილების სწავლების დისტანციურ რეჟიმზე იმყოფებიან და სკოლაში უფასო(შეღავათიან ფასად) საკვებს ვეღარ იღებენ, დახმარებას ითვალისწინებს ნელი ტემპით მიმდინარეობს.

|სკოლების გახსნა

გასული წლის დეკემბერში, ბაიდენმა განაცხადა, რომ პრეზიდენტობის პირველი ასი დღის თავზე, სკოლების უმრავლესობა გაიხსნებოდა.

ამ განცხადებას საკმაოდ ბევრი გამოხმაურება მოყვა. მოსახლეობა ვერ ხვდებოდა რას გულისხმობდა სრულად გახსნაში ბაიდენი.

16 თებერვალს ბაიდენმა დააკონკრეტა და თქვა, რომ „მიზანი გაპრეზიდენტებიდან ასი დღის თავზე ისაა, რომ კვირაში ხუთივე დღე დაწყებითი მოსწავლეებს სკოლაში სიარული შეეძლოთ“.

2021 წლის დასაწყისთან შედარებით, დღესდღეობით აშშ-ში ბევრად მეტი სკოლაა ღია. თუმცა, მიმდინარეობს თუ არა მათ უმრავლესობაში სწავლა საკლასო ოთახებში ხუთივე დღის განმავლობაში და არა დღეგამოშვებით, უცნობია.

კერძო კომპანიის, დღესდღეობით Burbio-ს მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, 1-12 კლასის მოსწავლეების 65%-ი გაკვეთილებს საკლასო ოთახებში ესწრება. ეს რიცხვი ბაიდენის პრეზიდენტობის დაწყებისას 33%-ს შეადგენდა. მოსწავლეების 29%-ი დადის სკოლებში, რომლებიც სწავლების ჰიბრიდულ მეთოდს სთავაზობენ. 6%-ზე ნაკლები კი სწავლების დისტანციურ რეჟიმზეა.

ზოგიერთი ექსპერტი ფიქრობს, რომ სასწალო პროცესის ჩვეულ რეჟიმში სწრაფ დაბრუნებას ხელი აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) მიერ თებერვლის თვეში გამოქვეყნებულმა გაიდლაინებმა შეუშალა.

CDC-მა გაიდლაინები მარტის თვეში შეამსუბუქა. კერძოდ, სოციალური დისტანცია 3 ნაბიჯის მანძილზე შემცირდა.

|ჯანდაცვა

აღსანიშნავია, რომ ჯო ბაიდენმა გააძლიერა „ხელმისაწვდომი ჯანდაცვის აქტი“, რომელიც მის საპრეზიდენტო კამპანიაში ერთ-ერთ მთავარ როლს იკავებდა. კერძოდ, თებერვლის შუა რიცხვებში, ბაიდენმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც ამერიკის მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელსაც არ აქვთ ჯანმრთელობის დაზღვევა, ახალ პაკეტებს სთავაზობს.

ასევე, აბიტურიენტებს ჯანმრთელობის დაზღვევის მისაღებად, შემოსავლის 8,5%-ის გადახდა მოუწევთ.

|საიმიგრაციო პოლიტიკა

აშშ-ის 46-ე პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ტრამპის საიმიგრაციო პოლიტიკაში ცვლილებები შეიტანა. კერძოდ, არალეგალ მიგრანტებს და მათ შვილებს აღარ დააშორებენ. ბაიდენს სურს იმ მიგრანტების ოჯახები გააერთიანოს, რომლებიც საზღვრის უკანონო გადაკვეთისას დააკავეს. ტრამპის ადმინისტრაციის დროს, ასეთ შემთხვევებში მშობლებს შვილებთან აშორებდნენ.

2 თებერვალს თავის გამოსვლაში ბაიდენმა ტრამპის საიმიგრაციო პოლიტიკას „მორალური და ეროვნული სირცხვილი“ უწოდა.

ბაიდენის სხვა განკარგულებები მიგრანტებისათვის მოქალაქეობის მიღების გამარტივებასა და მიგრაციის გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრას ეხება.

ასევე, პრეზიდენტმა შესაბამის უწყებებს დაავალა,რომ LGBTQI თემის წარმომადგენლების, ლტოლვილებისა და თავშესაფრის მაძიებლების უფლებები თანაბრად დაიცვან.

|საგარეო პოლიტიკა

საპრეზიდენტო კამპანიის დროს, მთავარი აქცენტი აშშ-ჩინეთის ურთიერთობებზე იყო. თუმცა, გაპრეზიდენტების შემდეგ, ბაიდენის ადმინისტრაციის ყურადღების ქვეშ ავღანეთი, ირანი და რუსეთი მოექცა.

ავღანეთი
აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ 11 სექტემბრის თავდასხმების წლისთავამდე, ავღანეთიდან მათი ჯარების გაყვანის პროცესი დასრულდება.

ცნობისთვის, ავღანეთიდან აშშ-ს ჯარების გაყვანის პროცესი უკვე დაიწყო და თანდათან გაგრძელდება. ბაიდენის თქმით, ამერიკელი სამხედროების ნაწილი, ამერიკელი დიპლომატების დასაცავად ავღანეთში დარჩება. თუმცა, რა რაოდენობაზეა საუბარი, ბაიდენს ეს არ დაუკონკრეტებია.

 

ირანი
დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, აშშ-მა ირანთან მიღწეული საერთაშორისო ბირთვული შეთანხმება 2018 წლის მაისში დატოვა და თეირანის წინააღმდეგ სანქციები დააწესა.

აპრილში ვენაში ევროპელი დიპლომატების შუამოვლობით, აშშ-სა და ირანის ხელსუფლებების წარმომადგენლებს შორის არაპირდაპირ მოლაპარაკებები გაიმართა.

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ მზადაა განაახლოს თავისი წინამორბედის, დონალდ ტრამპის მიერ მიტოვებული შეთანხმება, მაგრამ მისი მთავრობა აცხადებს, რომ მანამდე ირანი უნდა დაუბრუნდეს ბირთვულ სფეროში ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას.

თეირანი კი დაჟინებით იმეორებს, რომ ის არ ჩაერთვება აშშ-სთან არანაირ მოლაპარაკებებში და მანამ არ გადადგამს არავითარ ნაბიჯს, სანამ ვაშინგტონი უარს არ იტყვის თეირანისადმი დაწესებულ ეკონომიკურ სანქციებზე.

რუსეთი
2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის მცდელობების გამო, ბაიდენის ადმინისტრაციამ რუსეთს სანქციები დაუწესა.

აშშ-ის დაზვერვის ეროვნული საბჭოს მიერ მომზადებულ ანგარიშში აღნიშნულია, რომ რომ 3 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების წინ რუსეთი ავრცელებდა უსაფუძვლო ბრალდებებს მაშინდელი დემოკრატი კანდიდატის, ჯო ბაიდენის შესახებ. ამასთან, ანგარიშის ავტორები მიიჩნევენ, რომ ვლადიმერ პუტინი ტრამპის სასარგებლოდ არჩევნებში ჩარევას ზედამხედველობდა ან სულ მცირე ეს მისი ნებართვით ხდებოდა. ანგარიშში ნათქვამია, რომ ჯო ბაიდენის საწინააღმდეგო კამპანიაში მონაწილეობდნენ რუსეთის მიერ მხარდაჭერილი პირები, მათ შორის ნახსენებია უკრაინელი დეპუტატი ანდრეი დერკაჩი.

თეთრმა სახლმა ასევე განაცხადა, რომ აშშ ვაშინგტონში მყოფ 10 რუს დიპლომატს, მათ შორის რუსეთის სადაზვერვო სამსახურის წარმომადგენლებს, არჩევნებში ჩარევისა და ჰაკერობის გამო, გააძევებს.

|კლიმატის კრიზისი

ბაიდენის გაპრეზიდენტების შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატები, ოფიციალურად დაუბრუნდა პარიზის კლიმატის შეთანხმებას, რომელიც ქვეყანამ ტრამპის პრეზიდენტობის დროს დატოვა. ბაიდენის ადმინისტრაცია მომავალი 30 წლის განმავლობაში მავნე გამონაბოლქვის მკვეთრ შემცირებას გეგმავს.

კერძოდ, პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია პირობას დებს, რომ ამერიკაში ატმოსფეროში გამოყოფილი სათბური გაზები 2030 წლისთვის იმის 50-52 %-ით იქნება შემცირებული, რაც 2005 წელს იყო. თეთრი სახლი იმედს გამოთქვამს, რომ ეს ახალი მიზანი იმ ქვეყნებსაც წაახალისებს, რომლებიც ატმოსფეროში ყველაზე მეტ სათბურ გაზს აფრქვევენ და ამით კლიმატის ცვლილებებს ხელს უწყობენ.

|სოციალური სამართლიანობა და უთანასწორობა

აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა გააუქმა დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული შეზღუდვა, რომელიც ტრანსგენდერ ამერიკელებს სამხედრო სამსახურს უკრძალავდა გააუქმა.

„ტრანსგენდერი სამხედრო მოსამსახურეები გენდერული იდენტობის საფუძველზე გათავისუფლების ან განცალკევების შესაძლებლობის წინაშე აღარ დადგებიან“, – განაცხადეს თეთრ სახლში.

ჯო ბაიდენი მიესალმა ნაფიც მსაჯულთა გადაწყვეტილებას ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის საქმეში მინეაპოლისის ყოფილი პოლიციელის დერეკ შოვინის დამნაშავედ ცნობის შესახებ და განაცხადა, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია ამერიკაში „სისტემური რასიზმის“ წინააღმდეგ ბრძოლაში.

მან სასამართლოს ვერდიქტს წინ გადადგმული ნაბიჯი უწოდა და აღნიშნა, რომ ქვეყანას აქვს შანსი ტრაექტორია შეცვალოს.

ბაიდენის თქმით, აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის სიკვდილმა მთელს მსოფლიოს თვალები აუხილა და ამერიკაში სისტემური რასიზმი დაანახა.

„სისტემური რასიზმი ლაქაა ჩვენი ერის სულში. მართლმსაჯულების მუხლი მიბჯენილია მათ კისერზე, შიში და ტრავმა, დევნა არის ის, რასაც შავკანიანი და ფერადკანიანი ამერიკელები განიცდიან ყოველ დღე“ – აღნიშნა ბაიდენმა.

|როგორ აფასებენ ქართველი ექსპერტები ბაიდენის პრეზიდენტობის 100 დღეს

ანალიტიკოსი, ნიკა ჩიტაძე „პრაიმტაიმთან“ საუბარში ბაიდენის პრეზიდენტობის 100 დღეს აფასებს და აღნიშნავს, რომ საქართველო ამერიკის ახალი ადმისნიტრაციის დღის წესრიგში დგას.

„ტრამპისგან განსხვავებით, ბაიდენს რუსეთთან მიმართებაში ხისტი პოლიტიკა აქვს. მან რუსეთის პრეზიდენტს მკვლელიც კი უწოდა. ამ ნაბიჯით მისი რუსეთისადმი დამოკიდებულება ნათლად გამოჩნდა. ტრამპი დიდი რვიანის აღდგენას მხარს უჭერდა. თუმცა, ბაიდენი ამის კატეგორიული წინააღმდეგია.

ბაიდენმა პირდაპირ გამოხატა მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისადმი, როდესაც რუსეთმა დაახლოებით ასი ათასკაციანი კონტიგენტი განათავსა უკრაინის საზღვრის სიახლოვეს.

ასევე, უნდა აღინიშნოს აშშ-ს ხისტი პოლიტიკა ჩინეთის მიმართაც. კერძოდ, აშშ აკრიტიკებს ჩინეთს იმის გამო, რომ ის არღვევს ადამიანის უფლებებს. თუმცა, ყოველ შემთხვევაში, ბაიდენს არ გამოუხატავს მზადყოფნა იმის, რომ აწიოს ე.წ. საბაჟო ტარიფები ჩინურ პროდუქციაზე, რაც განხორციელდა ტრამპის ადმინისტრაციის დროს.

რაც შეეხება ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკას, ბაიდენი ცდილობს უფრო ნეიტრალიტეტი შეინარჩუნოს და ისრაელის პირდაპირი მხარდამჭერი პოზიცია არ დაიკავოს და განაცხადოს, რომ მას მშვიდობა ჭირდება.

უნდა აღინიშნოს, რომ ბაიდენის ადმინისტრაციის დროს აშშ-მ პანდემიასთან ბრძოლას წარმატებულად გაართვა თავი. ამერიკაში ვაქცინირებულია 250 მილიონზე მეტი ადამიანი.

საერთო ჯამში, უნდა ითქვას, რომ ბაიდენი აქტიური პოლიტიკური მოღვაწეა. ის კარგად არის ჩახედული საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში. თავის დროზე ბაიდენი სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტსაც ხელმძღვანელობდა. 2009 წელს ის ასევე ეწვია საქართველოს.

ასევე, აშშ დაინტერესებულია საქართველოსთან უფრო ახლო და საფძვლიანი ურთიერთობით. ამიტომ, უცხო არ იყო რომ ამერიკის სენატში საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით მოსმენა გაიმართა, იმ დროს, სანამ სახელისუფლები პარტიასა და ოპოზიციას შორის შეთანხმებას ხელი მოეწერებოდა. შეიძლება ითქვას, რომ საქართველო აშშ-ს ახალი ადმისნიტრაციის დღის წესრიგში დგას. ბაიდენმა არაერთხელ განაცხადა, რომ აშშ არ მიატოვებს საქართველოსა და უკრაინას. ბაიდენი უფრო ნათლად აცნობიერებს იმ საფრთხეს, რომელიც რუსეთიდან მოდის“ – განაცხადა ნიკა ჩიტაძემ.

მომზადებულია CNN-ის მიხედვით
ავტორი: ნინი ტაველიძე, საინფორმაციო სააგენგო PTN.ge

წყარო: ptn.ge