ემოციებით აღსავსე ვარ, საქართველოს ჯარის დამაარსებელი დაბრუნდა დამოუკიდებელ საქართველოში – სალომე ზურაბიშვილი.
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი საქართველოში გენერალ გიორგი კვინიტაძის ნეშტის ჩამოსვენებას ეხმაურება.
როგორც ზურაბიშვილი ამბობს, ახალი მომავალი დაბრუნდა დამოუკიდებელ საქართველოში
„ძალიან სიმბოლური დღე არის დღეს და დიდი ემოციებით აღსავსე ვარ მე, რადგან დღევანდელი დღე იმას ნიშნავს, რომ დამოუკიდებელი საქართველოს მთავარსარდალი, უკანასკნელი რუსეთ-საქართველოს ბრძოლის დროს მყოფი მთავარსარდალი და საქართველოს ჯარის დამაარსებელი ბრუნდება საქართველოში. ეს იმას ნიშნავს, რომ ეს არის ყველაზე დიდი გამარჯვება იმდროინდელ რუსეთის მე-11 არმიაზე. დაბრუნება, გამარჯვება, ახალი მომავალი დაბრუნდა დამოუკიდებელ, ძლიერ საქართველოში“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ცნობისთვის, გენერალ გიორგი კვინიტაძეს, გარდაცვალებიდან 50 წლის შემდეგ, სამშობლოში ჩამოასვენეს.
რუსეთ-საქართველოს 1921 წლის ომის დროს, მთავარსარდალმა კვინიტაძემ მცირე ძალებით გადაწყვიტა თბილისის დაცვა. თავდაცვის სექტორების ჩამოყალიბების შემდეგ მან დედაქალაქზე რამდენიმე შტურმიც მოიგერია. ემიგრაციაში, კონკრეტულად კი საფრანგეთში, რუსეთის მიერ საქართველოს დაპყრობის შემდეგ, მთავრობისა და სარდლობის წარმომადგენლებთან ერთად წავიდა. ის ქვეყნის ისტორიაში დარჩა, როგორც ოკუპაციის წინააღმდეგ მებრძოლი გენერალი.
წყარო: ptn.ge