თბილისში მასობრივი ხალხმრავალი აქციის მოლოდინშია. ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეები 23 მაისისთვის ემზადებიან. პროცესში გარემოს დამცველების გარდა ჩართულია სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფი, მათ შორის ულტრა კონსერვატორები, რელიგიური კონფესიები და ა.შ.
აქციის დაფინანსების წყაროებზე არავინ საუბრობს, თუმცა ლევან ვასაძე აღიარებს, რომ ის საპროტესტო გამოსვლის ორგანიზატორებს ეხმარება. ბიზნესმენისა და პარტია „ერის“ ლიდერთან ერთად აქციაზე მისვლას აპირებს „ზნეობის“ ლიდერი გურამ ფალავანდიშვილიც.
ნამახვანიდან მსვლელობა ზეგ დილით დაიწყება, დაგეგმილია ღამისთევა პირველი რესპუბლიკის მოედანზე. ცნობისათვის, ხალხმრავალი აქცია თბილისში დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნის სამზადისს ემთხვევა.
15 აპრილს ლოკაციის შეცვლა მოუწია ვარლამ გოლეთიანს, ამჯერად კი მას ყველა იმ ჯგუფის მასპინძლობა მოუწევს რესპუბლიკის მოედანზე, რომლებიც არაერთხელ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს 2013 წელს ჰომოფობიური საპროტესტო აქციის დროს რუსთაველის გამზირზე, მარნეულში ეთნიკური შუღლის გაღვივების საქმეზე დაწყებული გამოძიებისას, ნარიმან ნარიმანოვის ძეგლისა და ჯვრის აღმართვის გამო დაწყებული პროცესების დროს მარნეულში.