ჩერჩილის მრჩეველი, ქართველი, ვისაც რამდენიმე საათი მსოფლიოს ბედი ეჭირა ხელთ

მერაბ კვიტაშვილი გახლავთ ის ქართველი, რომელიც 1943 წლის 30 ნოემბერს რამდენიმე საათის განმავლობაში მსოფლიოს ბედს განაგებდა.

მერაბმა ბრიტანეთის იმპერიაში შემავალ მრავალ ქვეყანაში იმუშავა და დიდი ავტორიტეტი მოიპოვა. მეორე მსოფლიო ომის დაწყების დროს ის აფრიკაში, განაში, ოქროს მადნის გადამამუშავებელი ქარხნის დირექტორად მუშაობდა. მერაბმა მაშინვე მიიღო ბრიტანეთის ქვეშევრდომობა და არმიაში ჩაირიცხა. დაამთავრა ოფიცერთა და სამხედრო სადაზვერვო-საინფორმაციო სკოლა. ჩრდილო აფრიკაში ორი წელი შტაბშიც მუშაობდა და საბრძოლო ოპერაციებშიც მონაწილეობდა. რამდენიმეჯერ დაიჭრა, მათ შორის, ერთხელ – თავში და დროებით მხედველობაც დაკარგა. მსახურობდა მაიორის, შემდეგ პოლკოვნიკის ჩინით. გენერლის ხარისხზეც წარადგინეს, მაგრამ ომის დამთავრების გამო ჩინის მიღება ვერ მოასწრო.1952 წელს მერაბ კვიტაშვილი ამერიკაში გადავიდა. ჯერ ნიუ-იორკში ცხოვრობდა, შემდეგ კი ვაშინგტონში დასახლდა. ის პარიზში დაბადებულ რუს ემიგრანტ ირინა კედროვაზე დაქორწინდა. მათ ორი ქალიშვილი – ელისო და მერი შეეძინათ.

მერაბ კვიტაშვილი ერეკლე ორბელიანმა „ამერიკის ხმის“ რედაქციაში მიიწვია, სადაც ის მუშაობდა ფსევდონიმით – „ნიკო რაჭველი“. იმავდროულად, იყო პარიზში დაარსებული ჟურნალის –„ბედი ქართლისა“ – კორესპონდენტი. 1963 წელს მერაბი ქართული რედაქციის დირექტორად დანიშნეს. ძალიან დაძაბული ცხოვრების რიტმის გამო მას რამდენჯერმე მოუვიდა გულის შეტევა. ერთხელ პირდაპირ რედაქციაშიც და მალე პენსიაში გავიდა. იგი 1991 წელს გარდაიცვალა.

მერაბ კვიტაშვილის ბიოგრაფიაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს 1943 წლის ნოემბერს, როცა ის თეირანის კონფერენციაზე ბრიტანეთის დელეგაციაში ჩაირიცხა.

1943 წლის ნოემბერში თეირანის კონფერენციაზე სამი ქვეყნის – საბჭოთა კავშირის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და დიდ ბრიტანეთის მეთაურებს – სტალინს, რუზველტსა და ჩერჩილს უნდა გადაეწყვიტათ მსოფლიოს მომავალი. კონფერენციაზე საბჭოთა მხარეს სტალინი, ბერია და მისი ქართველი თანამშრომლები წარმოადგენდნენ, დიდ ბრიტანეთს – ასევე, ქართველი მერაბ კვიტაშვილი, იგივე ნიკოლას კეი.

საქმე ისაა, რომ 1942 წლის შემოდგომაზე გერმანელები ამიერკავკასიას მიუახლოვდნენ. მოკავშირეთა წინაშე მოსახლეობის დარაზმვის საკითხი დადგა. საბჭოთა კავშირის მცოდნეთა შორის გავრცელებული 16-პუნქტიანი ანკეტიდან კვიტაშვილის პასუხები ყველაზე საინტერესო აღმოჩნდა. ყურადღება მიიქცია მისმა სამხედრო, საინჟინრო განათლებამ, რუსული, ქართული და სპარსული ენების ცოდნამ და დიპლომატიურ სამსახურში მიიწვიეს. „მაშ, თქვენ ძველი სამეფოს აღდგენა გსურთ? ის არ გყოფნით, რომ ქართველი მთელი რუსეთის იმპერიას განაგებს?!“ – დაინტერესებულა ჩერჩილი. მალე მერაბი საბჭოთა კავშირის საკითხებში ჩერჩილის მრჩეველი გახდა.

„მემუარებში“ კვიტაშვილი აღწერს თეირანის კონფერენციას – როგორ გადაულაპარაკებდნენ ქართულად ერთმანეთს სტალინი და ბერია, ან როგორ საუბრობდნენ ქართველი პირადი მცველები. ბერია ბაქოში დაიბადა, გაიზარდა და, რა თქმა უნდა, კარგად იცნობდა ბაქოელ ქართველებს. ინგლისელი ოფიცრის ფორმისა და ლონდონური გამოთქმის მიუხედავად, როგორც ჩანს, ეცნო და მეთვალყურეები მიუჩინა. ერთ დღეს კი მიადგა და პირდაპირ ჰკითხა ვინაობა. მერაბმა წინასწარ მოგონილი ლეგენდა უამბო. უთხრა, რომ მამა ინგლისელი ჰყავდა, დედა კი – ქართველი, რაჭიდან. დედის გვარი უთხრა – მიქელაძე. ბერია დაეჭვდა, რაჭაში მიქელაძეები არ არიანო და მისი ვინაობა გამოიკვლია. მეორე დღეს ბერიამ უკვე იცოდა, ვინ იყო მერაბ კვიტაშვილი და რა წარმომავლობის. ორჯერ მოუწყო თავდასხმა და მერაბი სიკვდილს ორჯერვე ძლივს გადაურჩა. მისი თანამგზავრებიდან ერთი დაიღუპა, მეორე კი დაიჭრა. მერაბი იძულებული გახდა, ყველაფერი ჩერჩილისათვის მოეხსენებინა. ჩერჩილმა სტალინს კატეგორიულად მოსთხოვა, შეეწყვიტათ მისი თანაშემწის დევნა. ბერიამ მხოლოდ ამის შემდეგ დაანება თავი.

„მემუარებში“ ასევე მოთხრობილია, როგორ აღნიშნეს ჩერჩილის დაბადების დღე: „ბანკეტზე, დაახლოებით, ოცდაათამდე სტუმარი იქნებოდა: მთავრობის პირები, მარშლები, გენერლები, ადმირალები, ელჩები – დასავლეთისა და საბჭოეთის თითქმის ყველა გამოჩენილი ლიდერი… მათ შორის იყო ერთი ქართველი: სტალინი – ჯუღაშვილი. ფაქტობრივად, შეიძლება ითქვას, რომ ის იქ ცენტრალური ფიგურა იყო… გარდა ამისა, უაღრესად საინტერესო, ჭეშმარიტად განსაცვიფრებელი იყო ის ფაქტი, რომ მთელ ამ ელიტას იცავდა სამი ქართველი: გენერლები წერეთელი და ნაჭყებია – საბჭოთა მხრიდან და მე, კაპიტანი (როგორც მაშინ ვიყავი) მერაბ კვიტაშვილი დასავლეთის მოკავშირეთა მხრიდან. წინა ოთახში მხოლოდ ორი კაცი ვიყავით, ორივე ქართველი – წერეთელი და მე, რომლებსაც დროდადრო მესამე ქართველი, ნაჭყებია შემოგვიერთდებოდა ხოლმე… მთელ იმ საათების განმავლობაში, რაც სადილი გრძელდებოდა, წერეთელს, ნაჭყებიასა და მე ხელთ გვეპყრო მსოფლიოს ბედი, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. საელჩოში შესვლისა და გამოსვლის დროს მე არასოდეს არ მჩხრეკდნენ და არ გამიჭირდებოდა შემეტანა და ამეფეთქებინა რამე ძლიერი ყუმბარა, რომელიც თუ ყველას არა, დამსწრეთა უმრავლესობას მაინც ამოხოცავდა. იმ ორ ქართველს, წერეთელსა და ნაჭყებიასაც შეეძლოთ იგივე გაეკეთებინათ. ეს რომ მომხდარიყო, ძნელი წარმოსადგენია, რა მიმართულება მიეცემოდა იმ ომსა და მსოფლიოს მომავალსაც”… – ეს ამონარიდი კარგად გვიჩვენებს, თუ რა როლი დააკისრა მეორე მსოფლიო ომის იმ ეტაპზე ბედმა სამ ქართველს. როცა ჩერჩილი წინა ოთახში გამოსულა, მერაბს მისთვის წერეთელი წარუდგენია. „ჩანს, ჩვენ ქართველებით ვართ გარშემორტყმულიო“, – უხუმრია ჩერჩილს.

გამოყენებული მასალების წყარო: tbilisipost.ge; საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

tbiliselebi.ge