აღმოსავლეთ საქართველოში კალიების გავრცელების კერებია ნაპოვნი

ქვემო ქართლისა და კახეთის რეგიონების სხვადასხვა მუნიციპალიტეტში კალიების საწინააღმდეგო ღონისძიებები ტარდება, ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

მონიტორინგის შედეგად, კალიების რამდენიმე კერა განვითარების ადრეულ სტადიაზე გამოვლინდა. აღნიშნული ლოკაციები სპეციალური პრეპარატით მუშავდება –   ამ დროისთვის დამუშავებულია 1,2 ათას ჰექტარზე მეტი ტერიტორია.

„მავნებლის განვითარების ადრეულ ეტაპზე ჩატარებული ღონისძიებები მნიშვნელოვანია მათი პოპულაციის შესამცირებლად, რაც მწვანე საფარის შენარჩუნების, სასოფლო-სამეურნეო კულტურების დაცვისა და ეკონომიკური ზარალის თავიდან აცილების წინაპირობაა“, – განაცხადეს უწყებაში.

სურსათის ეროვნული სააგენტო აღმოსავლეთ საქართველოში კალიის საწინააღმდეგო წამლობას სახელმწიფო პროგრამის შესაბამისად, ყოველწლიურად ახორციელებს. დღეისათვის კახეთისა და ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტებში 1200 ჰექტარი ფართობია დამუშავებული.

აღმოსავლეთ საქართველოში უფრო მეტად იტალიური კალიაა  გავრცელებული. სააგენტო მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებებს ყოველწლიურად ატარებს.  მავნებლებთან ბრძოლის რეგიონული პროგრამა საქართველოში 2010 წლიდან ხორციელდება. გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO)  საქართველოს ტექნიკურ დახმარებას უწევს და აწვდის კალიების გასანადგურებლად საჭირო პესტიციდებს, ინდივიდუალური დაცვის საშუალებებს და შემასხურებლებს.

“სპუტნიკი”