კარგად ორგანიზებული და დაფინანსებული პროცესია, ახლა სპეცსამსახურები უნდა არკვევდნენ, საიდან მოვიდა ეს ფული – ვაშაძე „ნამახვანჰესის” საწინააღმდეგო აქციაზე.
„სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით „ნამახვანჰესის” საწინააღმდეგო აქცია კარგად ორგანიზებულია და უნდა გაირკვეს ვინ გადაიხადა ჩატარებისთვის საჭირო თანხა.
„ხომ ვიცით ეს რა ჯდება. ავტობუსები ვინ დაიქირავა, ვინ გადაიხადა სამარშრუტო ტაქსების ფული. ეს არის შავი ფული, რომელიც იხარჯება იმისთვის, რომ ეს ყველაფერი მოხდეს.
ახლა სპეცსამსახურები უნდა არკვევდნენ, საიდან მოვიდა ეს ფული. ასეთი სერვისის მიმწოდებელი, რომ მიიტანოს სცენა და გახმოვანება, სულ თითზე ჩამოსათვლელი კომპანიებია. ხომ შეიძლება გავარკვიოთ, საიდან მოვიდა ეს ფული? ვინ გადაიხადა?
არ მითხრათ, რომ ამ ხალხმა თითო ლარი შეკრიბა და ისე გაკეთდა ეს ყველაფერი. ეს არის კარგად ორგანიზებული და დაფინანსებული პროცესი“ – აღნიშნა გიორგი ვაშაძემ სატელევიზიო ეთერში სტუმრობისას.
წყარო: itv.ge