ექსპერტი პოლიტიკურ საკითხებში სოსო ცინცაძე ახალი ამბების სააგენტო Pia.ge-სთან საუბარში ამბობს, რომ საბოლოო ჯამში, მოგვწონს თუ არ მოგვწონს, ნამახვანჰესი მაინც აშენდება.
პოლიტოლოგის თქმით, აქციები ჰესის მშენებლობას გააჭიანურებს:
„კომპრომისი უკვე პრაქტიკულად შეუძლებელია, ეს ჰესი ან უნდა აშენდეს ან არ უნდა აშენდეს, ერთის მხრივ, არის ის, რომ მთავრობის არგუმენტი ენერგეტიკული დამოუკიდებლობა რეალურია, მაგრამ მეორეს მხრივ, არის უსაფრთხოების საკითხი. მსოფლიოში დიდი ჰესები აღარსად აღარ შენდება, საერთოდ, ეს დიდი ჰესები იყო საბჭოთა კავშირის ხელწერა.
საქართველოში, მისი რელიეფიდან გამომდინარე, ბევრ კითხვას ბადებს. მთავარი მაინც ის არის, რომ აქციის მონაწილეებს, პროფესიონალ საზოგადოებას, გამოცდილ ადამიანებს, რომელთაც ჭიპი აქვთ მოჭრილი, ბევრი კითხვა გააჩნია. ის რაც ხდება დღეს ამ ჰესთან დაკავშირებით, ხელისუფლება უნდა უმადლოდეს მის ეკონომიკის მინისტრს. ყველაფრის გაკეთება შეიძლება საუბრით და დიპლომატიური მიდგომით. ვფიქრობ, ჰესის აშენება გაჭიანურდება ამ აქციებით“, – აცხადებს ექსპერტი.
როგორც სოსო ცინცაძემ აღნიშნა, საბოლოო ჯამში ჰესი მაინც აშენდება:
„საუბედუროდ, საქართველოში 30 წელია მეცნიერება თვალსა და ხელს შუა ქრება. ამიტომ დღეს, ვერც მოწინააღმდეგეების პოზიცია არის დამაჯერებელი და ვერც მომხრეთა პოზიცია არის დამაჯერებელი. ამას სჭირდება, პირველ რიგში, ფართო დისკუსიები, კონფერენციები, სამეცნიერო შეხვედრები.
როდესაც ერთ-ერთ მინისტრს ვესაუბრე, განმიცხადა, რომ ტარიფთან ჰესის მშენებლობას არაფერი კავშირი არ აქვს, ჩვენ შეგვეძლება გარკვეულ პერიოდში გავყიდოთ და არ ვიყოთ რუსეთზე დამოკიდებულიო. ზუსტად მაინც არ ვიცით, რა სარგებლობა აქვს ჰესის აშენებას. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, თუ ჰესი აშენდება, ტარიფი გაიაფდება.
ჩერნობილის გენერალური დირექტორიც არ იყო გიჟი, დღესაც ჩერნობილი არის თავის ტკივილი. ასე, რომ ბუნებასთან ასეთი დილეტანტური თამაში, თუ ეს მეცნიერულად არ არის დასაბუთებული, ყოველთვის საშიშია. მე არ მესმის, რატომ არ ვითარდება მცირე ჰესების სტრატეგია. მე არ მაქვს მორალური უფლება, რომ გადაჭრით ვთქვა, უნდა აშენდეს ან არ უნდა აშენდეს. რასაკვირველია, გარკვეული რისკები და კითხვები არის. ხელისუფლება ნურავის ნუ გაუბრაზდება, სჯობს მინისტრებს გაუბრაზდეს.
პროტესტს უფრო იწვევს ის, რომ მინისტრს ყველაფერი ეპატიება. კომუნიკაცია საზოგადოებასთან უნდა ჰქონოდა ეკონომიკის მინისტრს. დღეს რომ ქალბატონმა თურნავამ დაწეროს გადადგომის შესახებ განცხადება, მაშინ ძალიან ადვილი იქნება პროტესტანტებთან მოლაპარაკება“, – განაცხადა სოსო ცინცაძემ.