საფრანგეთის ხელისუფლება პარიზში უფასო საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამოქმედებას გეგმავს. ამის შესახებ BBC იუწყება.
მსგავსი ექსპერიმენტი საფრანგეთის რამდენიმე ქალაქში უკვე რეალიზებულია. ქვეყნის 30 ქალაქში ასიათასობით მოქალაქეს ტრანსპორტში მგზავრობა უფასოდ შეუძლია. ასე, მაგალითად, 200-ათასიან დიუნკერკში 2018 წლიდან ავტობუსის 18 მარშრუტზე მგზავრობა უფასოდ არის შესაძლებელი. ასევე ტრანსპორტი უფასოა ობანიში და კოლომბიეში. სტრასბურგში მსგავსი სისტემის ამოქმედება სექტემბრიდან იგეგმება.
კვლევის მიხედვით, დიუნკერკში ახალი სისტემის ამოქმედების შემდეგ საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობა 60%-ით გაიზარდა, რადგანაც ბევრი ადამიანი მანქანის ნაცვლად მუნიციპალური ტრანსპორტით სარგებლობს. ტრანსპორტის ხარჯების ანაზღაურება ადგილობრივი ბიზნესის დაბეგვრის გაზრდის ხარჯზე ხდება.
ილ დე ფრანსის რეგიონის პრეზიდენტობის კანდიდატი ოფრი პულვარი პარიზში და 8 დეპარტამენტში უფასო საზოგადოებრივი ტრანსპორტის დანერგვას გეგმავს. პროგრამა ეტაპობრივია და 2026 წლისთვის პარიზის მოსახლეობა როგორც დასვენების, ასევე სამუშაო დღეებში ტრანსპორტით მგზავრობას უფასოდ შეძლებს.
საფრანგეთი ევროპის ერთადერთი ქვეყანა არ არის, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი ნელ-ნელა უფასო ხდება. 2013 წლიდან ესტონეთის დედაქალაქ ტალინში მუნიციპალური ტრანსპორტი უფასო გახდა. ის ევროკავშირის პირველი დედაქალაქი გახდა, სადაც უფასო ტრანსპორტის სისტემა დაინერგა.