როგორ გამოეხმაურა საერთაშორისო საზოგადოება მინსკში Ryanair-ის თვითმფრინავის იძულებით დაშვებას

საერთაშორისო საზოგადოება მინსკში Ryanair-ის თვითმფრინავის (ათენი-ვილნიუსის რეისის) იძულებით დაშვებასა და ბელარუსის ხელისუფლებისადმი ოპოზიციურად განწყობილი, ონლაინ არხის, Nexta-ს ყოფილი რედაქტორის, ჟურნალისტის რომან პროტასევიჩის დაკავების ფაქტს ეხმაურება.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი:
„აშშ მკაცრად გმობს ევროკავშირის ორ წევრ ქვეყანას შორის ფრენის მიმართულების იძულებით შეცვლის ფაქტს და რომან პროტასევიჩის დაპატიმრებას. ჩვენ მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოვითხოვთ.

ლუკაშენკოს რეჟიმის მიერ ჩადენილმა ამ შოკისმომგვრელმა ქმედებამ საფრთხე შეუქმნა 120-ზე მეტ მგზავრს, მათ შორის აშშ-ის მოქალაქეებს. ინფორმაცია ბელარუსის უსაფრთხოების სამსახურების მონაწილეობისა და ბელარუსის სამხედრო თვითმფრინავის გამოყენების შესახებ ღრმად შემაშფოთებელია და მოითხოვს სრულ გამოძიებას“.

NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი:
„ყურადღებით ვაკვირდებით ვილნიუსის რეისის ბელარუსში იძულებით დასმასა და ოპოზიციონერი რომან პროტასევიჩის დაკავებას. ეს სერიოზული და სახიფათო ინციდენტია, რომელიც საერთაშორისო გამოძიებას საჭიროებს“.

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი:
„ბელარუსის რეჟიმის აღმაშფოთებელ და უკანონო ქცევებს შედეგები მოჰყვება. „რაინეარის“ თვითმფრინავის გატაცებაზე პასუხისმგებელი პირები უნდა დაისაჯონ. ჟურნალისტი რომან პროტასევიჩი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს. ევროკომისია ხვალ განიხილავს სამოქმედო ზომებს“.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი:
„ძალიან შეშფოთებული ვარ მინსკში „რაინეარის“ რეისის იძულებით დასმასთან დაკავშირებით მიღებული ცნობებით. მოვუწოდებთ ბელარუსის ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს რეისი და მისი ყველა მგზავრი. აუცილებელია ინციდენტის სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ გამოძიება“.

ლიეტუვის პრეზიდენტი, გიტანას ნაუსედა:
„ბელარუსის საჰაერო სივრცე გამოცხადდეს არაუსაფრთხოდ, ევროკავშირის აეროპორტებმა არ უნდა მიიღოს ბელარუსის თვითმფრინავები, უნდა ჩატარდეს გამოძიება საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის ორგანიზაციის მიერ და რეჟიმის წინააღმდეგ სერიოზული სანქციები უნდა დაწესდეს”.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა:
„სამოქალაქო რეისის იძულებითი დაშვება აბსოლუტურად მიუღებელია და ამ ფაქტს საერთაშორისო თანამეგობრობისგან ადეკვატური რეაქცია უნდა მოჰყვეს. მნიშვნელოვანია, რომ Ryanair-ის ეკიპაჟმა და მგზავრების უმეტესობამ ვილნიუსში უსაფრთხოდ ჩააღწიეს“.

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჟოზეფ ბორელი:
„ეს ბელარუსის ხელისუფლების მორიგი აშკარა მცდელობაა, გააჩუმოს ყველა ოპოზიციური ხმა. ბატონ პროტასევიჩის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ვითხოვთ. ამ იძულებითი ქმედების განხორციელებისას ბელარუსის ხელისუფლებამ საფრთხე შეუქმნა მგზავრებისა და ეკიპაჟის უსაფრთხოებას. ამ ინციდენტთან დაკავშირებით საერთაშორისო გამოძიება უნდა ჩატარდეს. აღნიშნულ საკითხს ევროკავშირის საბჭოს უახლოეს შეხვედრაზე განვიხილავთ“.

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი:
„ბელარუსში Ryanair-ის რეისის იძულებითი დაშვება და ჟურნალისტის დაპატიმრება მიუღებელია. ეს არღვევს ძალიან ბევრ საერთაშორისო ნორმას, რომლის უგულებელყოფაც შეუძლებელია“.

წყარო: itv.ge