“გვჭირდება გეგმა და ერთობა” – პრეზიდენტი ნამახვანჰესზე

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, ამბობს, რომ ისეთ თემებზე, როგორიცაა „ნამახვანჰესი“ საჭიროა კონკრეტული გეგმა და ერთობა.

 

ზურაბიშვილი დამოუკიდებელი დღისადმი მიძღვნილ ფიცის დადების ცერემონიალზე სიტყვით გამოვიდა. მან თქვა, რომ ოკუპაციის დასაძლევად საკუთარი მიდგომა და გეგმა ქვეყანას ყველაზე მეტად სჭირდება.

„ქვეყანაში ამ მიმართულებით სრული კონსენსუსია, ამ მიზნის ირგვლივ ვერთიანდებით ყველა, პარტიული თუ სხვა ნიშნის მიუხედავად, თუმცა, როცა საქმე ოკუპაციის დაძლევას ეხება, გვაკლია სათანადო ინსტრუმენტები კონკრეტული მიზნების მისაღწევად, როგორებიცაა: 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების განხორციელება, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის არეალის ჯერ გაზრდა და შემდეგ, შეთანხმებისამებრ სრულ ტერიტორიაზე განთავსება, ბორდერიზაციის შეჩერება და გაუქმება, ჩვენი მოქალაქეების უფლებების დაცვა, გატაცებული ზაზა გახელაძის შინ დაბრუნება და ადამიანთა შორის ურთიერთობის გამყარება, რის გარეშეც ტერიტორიების დაბრუნება არაფერს ნიშნავს…

ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ახალი მიდგომებისთვის, ახალი ფორმატებისთვის, დიალოგისა და მოლაპარაკებებისთვის. ყველა ამ მიმართულებით კი ჩვენი პარტნიორების მეტი ჩართულობა აუცილებელია.

იმავე პრინციპებსა და მოთხოვნებს ექვემდებარება ქვეყნის შიდაპოლიტიკური ვითარება. ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების დასაძლევად – პანდემიის, პოლიტიკური დაპირისპირების, საზოგადოების პოლარიზაციისა და სოციალურ-ეკონომიკური კრიზისის, თუ საზოგადოებისთვის მწვავედ აღქმული ისეთი თემები, როგორიცაა „ნამახვანჰესის“ საკითხი, გვჭირდება საკუთარი ხედვა, კონკრეტული გეგმა და, რაც მთავარია, ერთობა,“ – აცხადებს ზურაბიშვილი.

 

“ნეტგაზეთი”