მოვუწოდებთ სომხეთს, ნუ დაამძიმებს სიტუაციას ცრუ განცხადებებით – აზერბაიჯანის საგარეო უწყება

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო უარყოფს ინფორმაციას აზერბაიჯანი-სომხეთის საზღვარზე სომხეთის არმიის პოზიციების მისამართით ცეცხლის გახსნის შესახებ.

”ეს არის სომხეთის მიერ გავრცელებული მორიგი ტყუილი და მცდელობა, რომ თავის შეიარაღებულ ძალებს შორის მომხდარი ინციდენტი სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე ვითარების გამწვავების მიზნით გამოიყენოს,“ – აცხადებენ აზერბაიჯანის საგარეო უწყებაში.

მათი მტკიცებით, აზერბაიჯანი-სომხეთის საზღვარზე სიტუაცია სტაბილურია და კონტროლდება.

„ჩვენ სომხურ მხარეს მოვუწოდებთ, ნუ დაამძიმებენ სიტუაციას ცრუ განცხადებებით. გამართონ კონსტრუქციული მოლაპარაკებები ამ და სხვა საკითხებზე უთანხმოების მოსაგვარებლად,“ – აცხადებენ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში.

მანამდე, სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე აზერბაიჯანელმა ჯარისკაცებმა ცეცხლი გახსნეს, რამაც ორმხრივი სროლა გამოიწვია და მიღებული ჭრილობების შედეგად სომეხი სამხედრო გარდაიცვალა.