საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები პირველი მოსმენით მიღებულია

საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით დაამტკიცა „საქართველოს საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებები, რაც ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დადებული შეთანხმების ნაწილი უნდა გახდეს.

ცვლილებებს მხარი დაუჭირა 92-მა დეპუტატმა.

რეგლამენტის თანახმად, პირველი მოსმენით დეპუტატები კენჭს უყრიან ცვლილებების პრინციპს, ხოლო ძირითადი სარედაქციო შესწორებები მეორე მოსმენისთვის შედის.

პარლამენტის დეპუტატების მიერ მიღებული კანონპროექტი წარმოადგენს ყველა დონეზე საარჩევნო კომისიების ფორმირების წესებს, წინასაარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებული სადავო საკითხების გადაჭრას, საქართველოში არჩევნების ახალ სახეობას და რაიონული სათათბირო ორგანოების – საკრებულოს ფორმირების ახალ პრინციპს.

რა შეიცვალა კანონპროექტში

პროექტი არ ითვალისწინებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მოქმედი თავმჯდომარის და პარლამენტის მიერ არჩეული ცესკოს ხუთი წევრის გადადგომას.

მაგრამ თავად ცესკოს შემადგენლობა 11-დან 17 კაცამდე გაიზრდება, საიდანაც ცხრა იქნება პარტიების წარმომადგენელი, ხოლო რვას პარლამენტი დანიშნავს. გარდა ამისა, ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე ოპოზიციის წარმომადგენელი იქნება.

თანამდებობაზე დასანიშნად თითოეულმა კანდიდატმა მინიმუმ 100 დეპუტატის ხმა უნდა მიიღოს, რაც იმას ნიშნავს, რომ კანდიდატურა ოპოზიციამაც უნდა მოიწონოს.

ანალოგიური პრინციპით –  17 11-ის ნაცვლად – საოლქო საარჩევნო კომისიები დაკომპლექტდება. კომისიის თითოეული დამოუკიდებელი წევრის არჩევა კომისიის წევრთა არა ნახევრის, არამედ მესამედის თანხმობას მოითხოვს.

კანონპროექტის თანახმად, აგიტაცია წინასაარჩევნო კამპანიის დროს აეკრძალება ყველა მოხელეს სამუშაო საათებში ან უფლებამოსილების შესრულებისას.

აგიტაცია ეკრძალებათ ასევე საჯარო სამართლის იურიდიული პირების თანამშრომლებს, სახელმწიფო ან რაიონული არაკომერციული იურიდიული პირების თანამშრომლებს, საბავშვო ბაღებისა და სკოლების თანამშრომლებს სამუშაო საათებში ან სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას.

არჩევნების დღეს აგიტაცია აიკრძალება საარჩევნო უბნებიდან 100 მეტრის რადიუსში, ნაცვლად 25 მეტრისა. 100 მეტრის რადიუსში აკრძალული იქნება ამომრჩეველთა აღრიცხვა და ხალხის თავშეყრა.

საარჩევნო კომისიები ვეღარ შეასწორებენ ოქმებს დალუქვის, ბეჭდის დასმისა და კომისიის ყველა წევრის მიერ მისი ხელმოწერის შემდეგ. ოქმის შესწორებას საუბნო საარჩევნო კომისია შეძლებს მხოლოდ საოლქო კომისიის ნებართვით ხმების დათვლის შესახებ განკარგულების საფუძველზე.

გაიზარდა ასევე არჩევნების შედეგების დათვლის დრო. ცესკომ საბოლოო შედეგები უნდა გამოაქვეყნოს არჩევნების შემდეგ არა მე-19, არამედ 25-ე დღეს. გარდა ამისა, კანონპროექტის თანახმად, იზრდება საჩივრების განხილვის ვადა საარჩევნო კომისიების ყველა დონეზე.

ადგილობრივი არჩევნები

ცვლილებების თანახმად, საარჩევნო კოდექსში მკაფიოდ იქნება განსაზღვრული რაიონის თითოეულ საკრებულოში დეპუტატების რაოდენობა. ასევე პარტიული სიებითა და ერთმანდატიან მაჟორიტარულ ოლქებში დეპუტატობის კანდიდატთა თანაფარდობა.

ცვლილებების თანახმად, ყველაზე მრავალრიცხოვანი ოზურგეთის რაიონის საკრებულო იქნება – 45 დეპუტატი, ყველაზე მცირერიცხოვანი კი ყაზბეგის რაიონის საკრებულო – 18 დეპუტატი.

ქვეყნის მოსახლეობა, თბილისის გარდა, 63 საკრებულოს დეპუტატებს აირჩევს. რაიონებში მაჟორიტარების რაოდენობა დეპუტატების საერთო რაოდენობის ერთი მესამედი იქნება. ამასთან, ადგილობრივ არჩევნებზე ყველა რაიონში, თბილისის გარდა, პარტიებისთვის გამსვლელი ბარიერი იქნება 3%, ნაცვლად 4%-ისა, როგორც მოქმედ საარჩევნო კოდექსშია გაწერილი.

რაც შეეხება თბილისის საკრებულოს, იგი 50 დეპუტატით დაკომპლექტდება, თუმცა მაჟორიტარების რაოდენობა 25-დან 10-მდე შემცირდება. დანარჩენი 40 ადგილი გადანაწილდება იმ პარტიებს შორის, რომლებიც მიიღებენ ამომრჩეველთა ხმების არანაკლებ 2,5%-ს (მოქმედ კანონმდებლობაში 4%-ია).

ამასთან ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ცესკო ვალდებული იქნება ელექტრონული წესით განახორციელოს ამომრჩეველთა რეგისტრაციის პროცედურები, კენჭისყრა, ხმების დათვლა და შედეგების შეჯამება.

რა იქნება შემდეგში?

ცვლილებების მიღების პროცესის გასაგრძელებლად საქართველოს პარლამენტი ვენეციის კომისიის შენიშვნებს უნდა დაელოდოს, რათა შეიტანოს სარედაქციო შესწორებები და კვლავ წარადგინოს კანონპროექტი სამი მოსმენით.

დეპუტატების შეფასებით, საქართველოს განახლებული საარჩევნო კოდექსი უკვე ივნისის ბოლოს ექნება – პროექტის სამი მოსმენით დამტკიცებისა და პრეზიდენტის მიერ ხელმოწერის შემდეგ.

“სპუტნიკი”