ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების დასაძლევად – პანდემიის, პოლიტიკური დაპირისპირების, საზოგადოების პოლარიზაციისა და სოციალურ-ეკონომიკური კრიზისის, თუ საზოგადოებისთვის მწვავედ აღქმული ისეთი თემები, როგორიცაა „ნამახვანჰესის“ საკითხი, გვჭირდება საკუთარი ხედვა, კონკრეტული გეგმა და, რაც მთავარია, ერთობა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე განაცხადა.
მისივე თქმით, შეგვიძლია ყველამ ერთად ვიამაყოთ იმით, რომ ქვეყანამ დაპირისპირების მორევიდან გამოსასვლელად რამდენიმე სწორი ნაბიჯი გადადგა.
„პარლამენტში აღდგა მრავალპარტიულობა და პარლამენტმა შეძლო საარჩევნო კანონპროექტზე შეთანხმება. ამ პირველ ეტაპს ევროკავშირის და აშშ-ის ჩართულობით მივაღწიეთ, რომელიც იმ დროისთვის აუცილებელი იყო, მაგრამ ახლა, შემდეგ ეტაპზე უნდა გადავიდეთ – თვითმმართველობის არჩევნებზე და ჩვენი ქვეყანა დემოკრატიულობისა და სახელმწიფოებრიობის ახალ საფეხურზე ავიყვანოთ. ანუ მხოლოდ ჩვენზე დამოკიდებული რეფორმების ბოლომდე მიყვანა და ის, რომ ჩვენი სახელმწიფო სამაგალითო გავხადოთ. ნამდვილი დამოუკიდებლობა კი სწორედ ასე მყარდება! დღევანდელ დღეს ასეთია დამოუკიდებლობა, და რაც მეტი დამოუკიდებლობაა, მით მეტია პასუხისმგებლობა. ეს ყველას გვეხება, პირველ რიგში, ხელისუფლებასა და პოლიტიკურ სპექტრს. მათ დისკუსიისა და პოლიტიკური დაპირისპირების გარდა, დიალოგისა და თანამშრომლობის რესურსის გამონახვაც ევალებათ. ასევე დიდია საზოგადოების პასუხისმგებლობა, რომელიც ამომრჩევლების აქტიურობით გამოიხატება – აქტიურობა, რომელიც შემდეგ პარტიებს გარკვეულ ვალდებულებას აკისრებს. ამ ვითარებაში არანაკლებია მედიის პასუხისმგებლობა. პირველ რიგში, აუცილებელია საზოგადოებას მისცეს დამშვიდების საშუალება, უნდა შემცირდეს ყალბი ინფორმაცია და ამ კუთხით ჩვენ, ყველამ ერთად, უნდა შევიმუშაოთ თვითრეგულაციები, რათა ასეთ შემთხვევაში შესაძლოა, საარჩევნო კამპანიაში ჩარევა გარედანაც კი განხორციელდეს და ეს არ უნდა დავუშვათ.
მნიშვნელოვანია, რომ პასუხისმგებლობა მხოლოდ პოლიტიკურ ჭრილში არ განვიხილოთ, რადგან, თუნდაც პანდემიასთან ბრძოლა, არა მხოლოდ მთავრობის, არამედ ყოველი მოქალაქის პასუხისმგებლობაა. ყველა ვთანხმდებით, რომ ტურისტული სეზონის დასაწყისში, საჭიროა შეზღუდვების შემსუბუქება, რათა ეკონომიკამ ამოისუნთქოს. თუმცა, ასეთ თავისუფლებას საზოგადოების მხრიდან, მეტი პასუხისმგებლობა და თვითშეგნება უნდა მოჰყვეს, რათა რეგულაციებისა და აკრძალვების გარეშე, თავის თავს დაუწესოს გონივრული ქცევის ნორმები. საფრთხე არ შეუქმნას საკუთარ თავს, ოჯახს თუ სხვებს. ჩვენი საერთო საზრუნავია ქვეყნის ჯანდაცვა, მისი ფიზიკური და მორალური კეთილდღეობა, რამეთუ ჩვენი ხვალინდელი დღე და სახელმწიფოს წინსვლა მასზეა დამოკიდებული! ასეთივე საერთო საზრუნავი და ეროვნული პასუხისმგებლობაა ჩვენი ქვეყნის ბუნებრივი რესურსების დაცვა და განვითარება. ეს კი მოითხოვს თვით დამოუკიდებლობის დღის პატივისცემას!
დაბოლოს, ჩვენი ყველასი, თითოეული მოქალაქის პასუხისმგებლობაა, რომ დამოუკიდებლობიდან 30 წლისთავზე, ერთიანობით და ერთობით მიღწეული გამარჯვება გავამყაროთ და გავაძლიეროთ. ჩვენი წინაპრების წინაშე ვალდებული ვართ, რომ 1918 წელს დაწყებული, 70 წლის განმავლობაში შეწყვეტილი და 1991 წელს აღდგენილი სახელმწიფოს მშენებლობა მივიყვანოთ ბოლომდე და მომავალ თაობებს გაერთიანებული, ევროპული და ძლიერი სახელმწიფო დავუტოვოთ! ეს იყო გენერალ კვინიტაძის მრწამსი, რუსეთთან ბრძოლის მამოძრავებელი ენერგია და ცხოვრებისეული მიზანი! ამ მრწამსს, ენერგიასა და მიზანს დღეს ყველა ვიზიარებთ“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
“იმედინიუსი”