აფხაზეთის ომის ვეტერანი სოციალურ ქსელში საქართველოს ეროვნულ გმირს გიორგი მაზნიაშვილს იხსენებს:
“სიცოცხლე არც დაბადებით იწყება და არც სიკვდილით მთავრდება”.
ამ სიტყვების მთქმელი ასი წლის წინ, 1917 წელს დაბრუნდა საქართველოში.
დაბრუნდა და ორი ეროვნული დივიზია შექმნა.
დასავლეთიდან ოსმალები და გერმანელები გვიტევდნენ, ჩრდილოეთიდან – რუსი ბოლშევიკები და დენიკინელები, აღმოსავლეთიდან – მუსავატები, სამხრეთიდან – დაშნაკები.
ქვეყანა ოთხი მხრიდან იყო დასაცავი.
ეს არის ადამიანი, ვინც ყოველივე ეს შეძლო.
ვინც მრავალჯერ დაამტკიცა , რომ ომს გული და გონება იგებს, და არა ძალა.
ვინც 1918 წელს აჭარა გაათავისუფლა.
ვინც , თეთრგვარდიელებისგან გაწმინდა აფხაზეთი, სოჭის და ტუაფსეს ჩათვლით. ხაზს ვუსვამ , ტუაფსეს ჩათვლით.
ადამიანი, ვისაც სომხეთ -საქართველოს ომის დროს ერევნის აღებაც შეეძლო , საქართველოს მენშევიკურ მთავრობას უკან რომ არ გამოეძახა.
ეს ისტორია გამეორდა 1921 წელს ,როცა საქართველოში შემოსული, რუსეთის მე -11 არმია დაამარცხა და საბოლოო განადგურებისგან რუსული არმია, ისევ საქართველოს მენშევიკურმა მთავრობამ იხსნა.
ადამიანი, ვინც ემიგრაციაში არ გაყვა მთავრობას, და უკვე საბჭოთა ხელისუფლების დროს მეორეჯერ გაათავისუფლა აჭარა და ბათუმი .
ადამიანი, რომელიც სამი ხელისუფლების დროს იცავდა ქვეყანას, და სამივე ხელისუფლებამ ის მტრად და მოღალატედ გამოაცხადა.
და ბოლოს დახვრიტეს კიდეც.
ადამიანი, რომლის საფლავი უცნობია,
ადამიანი, რომელიც მის მერე კიდევ ორმა ხელისუფლებამ გაიხსენა და ბოლოს ისეთი ფორმით, რომ ჯობდა არც გაეხსენებინათ.
ადამიანი, რომელის სახელს მუნჯიც უნდა ამბობდეს და რომლის სახელი ყრუსაც უნდა ესმოდეს ამ ქვეყანაში.
საქართველოს ეროვნული გმირი,
დაუმარცხებელი გენერალი –
გიორგი მაზნიაშვილი.
დიდება გმირებს