რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს ვიცე-სპიკერის, ირინა იაროვაიას განცხადებით, პოლონეთის პრეზიდენტის ანდჟეი დუდას განცხადება, რომ რუსეთი ნორმალური ქვეყანა არაა, ამორალურია.
„პოლონეთის პრეზიდენტის განცხადება, პირველ რიგში, ამორალურია საკუთარ ხალხთან მიმართებაში, რომელთა ოჯახებზეც ნაციზმმა განუყრელი კვალი დატოვა და რომელიც საბჭოთა ჯარისკაცებმა გადაარჩინეს,” – განაცხადა იაროვაიამ.
მან ხაზი გაუსვა, რომ დუდას იდეები იმის შესახებ, თუ რა არის ნორმალური, “მკაცრად არის დამახინჯებული ადამიანის უნივერსალური ზნეობის და ისტორიული ჭეშმარიტების თვალსაზრისით.”
შეგახსენებთ, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ანდჟეი დუდამ საქართველოში, ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზთან ვიზიტისას განაცხადა, რომ „რუსეთი არ არის ნორმალური სახელმწიფო, რუსეთი არ არის სახელმწიფო, რომელიც ნორმალურად იქცევა. რუსეთი აგრესორი სახელმწიფოა და ამის დანახვა ასეთ ადგილებში შეიძლება.“