“ქვეყანა თავზე რომ ჩამოგვემხობა, ჰარცელი მოგვხედავს თუ დეგნანს დავუწყებთ ძებნას? ვინ იქნება პასუხისმგებელი? – ნანა კაკაბაძე

უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე “საქართველო და მსოფლიო”-სთვის მიცემულ ინტერვიუში ქვეყანაში არსებულ უმძიმეს ვითარებაზე საუბრობს:

კარგა ხანია, საზოგადოებამ დაინახა, რომ რიგი საერთაშორისო ორგანიზაციებისა, რომლებსაც 10-15 წლის წინათ უფრო მეტად ჰქონდათ მსოფლიოში დემოკრატიისა და დემოკრატიული ღირებულებების იმპლემენტატორების იმიჯი, დღეს ამ ყველაფერთან არაფერი აქვთ საერთო. ეს მათ მოახერხეს სწორედ მიკერძოებულობით, არაპროფესიონალიზმით და, რაც მთავარია, ორმაგი სტანდარტით, რომელიც გამოიხატება იმაში, რომ მათ მათთვის მიუღებელი იდეოლოგიური მხარისა თუ დღის წესრიგისადმი სხვა მიდგომები აქვთ და მათთვის მისაღები ფლაგის მიმართ (ლიბერალურ ძალებს ვგულისხმობ) _ სხვა.

აი, ამის შედეგია ის, რომ დღეს მსოფლიოში ანტილიბერალური მოძრაობები გეომეტრიული პროგრესით იზრდება. ანტილიბერალური მოძრაობების უმთავრესი წყარო დღეს თვით ლიბერალიზმია. რაც შეეხება საქართველოს, ჩვენ შემთხვევაში მათ უკვე “მიაღწიეს” იმას, რომ საზოგადოებას შეაძულეს დასავლეთი და დასავლური დემოკრატია, რომელიც გაიგივებულია ყველაზე მანკიერ, მარგინალურ ცნებებთან, ამიტომაც არის დღეს ამხელა სკეპტიციზმი დასავლური კურსისადმი; ასე რომ, ოდნავ მაინც გონიერება თუ შერჩენიათ, ევროპის საბჭომ, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ უნდა მოუწოდონ საერთაშორისო ორგანიზაციებს, ნუ აქვეყნებენ ასეთი თეთრი ძაფით ნაკერ ტყუილებს.

ცხადია, არავის სჯერა, რომ პროპორციული არჩევნებით შექმნილი მთავრობა რამდენიმე თვეზე მეტ ხანს იარსებებს. რა თქმა უნდა, ესენი დაჭამენ ერთმანეთს და მთავრობა დაიშლება, რასაც მოჰყვება ხელახალი არჩევნები. აი, ეს არის რეალობა და ქვეყანა მუდმივად უნდა იყოს საარჩევნო რეჟიმში.

გაუძლებს თუ ვერა ამას სახელმწიფო, არავის აინტერესებს. ეს ყველაფერი არის ქვეყნის დასანგრევად მოფიქრებული. სხვათა შორის, “ფრიდომ ჰაუსი” მედიის თავისუფლებაზე რომ წერს, არც ერთი მედიასაშუალება დღეს ამ მავნებლურ საარჩევნო სისტემაზე არ ლაპარაკობს. რატომ, იცით? იმიტომ, რომ ეს არ არის მათი ლობისტების ინტერესში.

ისე, ძალიან მაინტერესებს, ეს ქვეყანა თავზე რომ ჩამოგვენგრევა და ჩამოგვემხობა, კარლ ჰარცელი მოგვხედავს თუ კელი დეგნანს დავუწყებთ ძებნას? ვინ იქნება პასუხისმგებელი იმ უმძიმეს შედეგზე, რომელსაც ეს სისტემა ძალიან მალე მოიტანს?