არცერთ მოქალაქეს არ უნდა გაუჩნდეს კითხვა, ღირს თუ არა კორონავირუსის ვაქცინის გაკეთება

WHO – არცერთ მოქალაქეს არ უნდა გაუჩნდეს კითხვა, ღირს თუ არა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთება.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის იმუნიზაციისა და ვაქცინებით მართვადი დაავადებების პროგრამის მენეჯერი სიდარტა სანკარ დატა საქართველოს პირველ არხთან ექსკლუზიურ ინტერვიუში ვაქცინაციის პროცესთან დაკავშირებით საუბრობს და აღნიშნავს, რომ დღეს არც ერთ მოქალაქეს არ უნდა გაუჩნდეს კითხვა, ღირს თუ არა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთება.

სიდარტა სანკარ დატამ ხაზი გაუსვა ვაქცინაციის პროცესში საქართველოს მთავრობის მიერ გაწეულ სამუშაოს და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით ქვეყნის მომზადების ხარისხი მაღალი იყო.

„პირველ რიგში, მინდა, ხაზი გავუსვა საქართველოს მთავრობის მიერ გაწეულ სამუშაოს. მათ შორის ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ეროვნული ცენტრის. მათ ეს პროცესი ვაქცინების ჩამოსვლამდე დაიწყეს. ვაქცინაციისთვის ქვეყნის მომზადების ხარისხი მაღალი იყო. მათ შეაფასეს, რისი გაკეთება იყო საჭირო და როგორ უნდა მომხდარიყო პროცესის წარმართვა. ამიტომ როდესაც ვაქცინა ჩამოვიდა, ქვეყანა უკვე მზად იყო. საქართველო იყო კოვაქსის პროგრამაში, რაც ვაქცინის მისაღებად გადამწყვეტი იყო და ჩვენ ვთხოვდით ყველა ქვეყანას, რომ ამ პროგრამაში ჩართულიყო… ჩვენ ვმუშაობთ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსთან, რომ ვნახოთ, რას გვასწავლის ვაქცინაციის პირველი ფაზა, რათა განვსაზღვროთ, რისი გაკეთებაა საჭირო მომდევნო ეტაპზე. ეს უკიდურესად მნიშვნელოვანია, რადგან ყველგან ერთნაირი მიდგომა არ მუშაობს. საქართველოს შემთხვევაშიც კი, არსებობს რეგიონები, სადაც თბილისისგან განსხვავებული სტრატეგიით ვმოქმედებთ. ამიტომ, იმ პირობებში, როდესაც ვაქცინაციის პროცესი რეგიონებში ფართოვდება, აუცილებელია თბილისის ყველა გაკვეთილის გათვალისწინება“ – განაცხადა სიდარტა სანკარ დატამ.

გარდა ამისა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლის თქმით, არ არსებობს მონაცემები, რომელიც „სინოფარმის“ ვაქცინის 65 წელს ზემოთ ასაკის ადამიანებში გამოყენების ეფექტს აჩვენებს, თუმცა ვინაიდან „სინოფარმი“ დამზადებულია უკვე კარგად ცნობილი ტექნოლოგიით და ვაქცინამ აჩვენა ეფექტურობა შედარებით ახალგაზრდა მოქალაქეებში, დიდი ალბათობით, ანალოგიური ეფექტი ექნება ყველა ასაკობრივ ჯგუფში.

„ვიდრე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია რომელიმე ვაქცინას აძლევს საგანგებო გამოყენების ავტორიზაციას, ის სწავლობს მონაცემებს, რომლებსაც მას აწვდის ვაქცინის მწარმოებელი. ასე მოხდა „სინოფარმის“ შემთხვევაშიც და თქვენ მართალი ბრძანდებით, როდესაც ამბობთ, რომ ამ შემთხვევაში არ არსებობს მონაცემები, რომელიც „სინოფარმის“ ვაქცინის 65 წელს ზემოთ ასაკის ადამიანებში გამოყენების ეფექტს აჩვენებს, მაგრამ რადგან „სინოფარმი“ დამზადებულია უკვე კარგად ცნობილი ტექნოლოგიით და ვაქცინამ აჩვენა ეფექტურობა შედარებით ახალგაზრდა მოქალაქეებში, ამიტომ დიდი ალბათობით, „სინოფარმს“ ანალოგიური ეფექტი ექნება ყველა ასაკობრივ ჯგუფში.

ამის გათვალისწინებით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მკაფიოდ ამბობს, რომ ამ ვაქცინის 60 წელს ზემოთ ასაკის ადამიანებში გამოყენება შეზღუდული არ არის. სხვა ვაქცინები, რომლებიც ჩვენ შევისწავლეთ, ახალი ტექნოლოგიებით არის შექმნილი და ამიტომ აუცილებელი იყო ამ ვაქცინების ყველა ასაკობრივი ჯგუფში გამოცდა. დღეს არც ერთ მოქალაქეს არ უნდა გაუჩნდეს კითხვა, ღირს თუ არა ვაქცინის გაკეთება. „სინოფარმის“ ვაქცინით მოქალაქეების აცრა მიმდინაროებს საქართველოში. მთავრობა პასუხისმგებლიანად იქცევა, ეროვნულმა მარეგულირებლებმა შეისწავლეს ვაქცინის ეფექტურობისა და უსაფრთხოების შესახებ მწარმოებლის მიერ გასაჯაროვებული მონაცემები. მოქალაქეები უნდა ენდონ მთავრობას და ჯანდაცვის სამინისტროს” – აღნიშნა სიდარტა სანკარ დატამ.

რაც შეეხება იმას, თუ რატომ გახანგრძლივდა კიდევ ერთი ჩინური ვაქცინის, „სინოვაკის“ ავტორიზაციის პროცესი, სიდარტა სანკარ დატას განმარტებით, ვაქცინების მწარმოებლების მიერ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისთვის მიწოდებული მონაცემების შესწავლას დრო სჭირდება.

წყარო: report.ge