“იმ ძაღლის გაგდებულმა არ დაშალა საბჭოთა კავშირი და, როგორც ღმერთმა ადამი სამოთხიდან, გამოგვყარა იქედან”

გაუმარჯოს დამოუკიდებლობას! შენ დაუკა!
ქართველებო, დებო, ძმებო, შვილებო, ეს რა ხდება, რა ხდებააა?

22 დეკემბერს ხონჩით მორთმეულ დამოუკიდებლობას 26 მაისს რომ ზეიმობთ, ამნეზია გჭირთ? თავი დავანებოთ იმას, თუ რა გვეზეიმება, რატომაც არა, ზეიმს რა სჯობია, მით უმეტეს, დამოუკიდებლობას, მაგრამ დაგავიწყდათ, რომ ლოთბაზარა ელცინმა, ძაღლი მიაკვდა სულში, 1991 წლის 22 დეკემბერს მოგვიპოვა დამოუკიდებლობა, რა შუაშია 26 მაისი? იმ ძაღლის გაგდებულმა არ დაშალა საბჭოთა კავშირი და, როგორც ღმერთმა ადამი სამოთხიდან, გამოგვყარა იქიდან და ნაბახუსევი ხმით მოგვაძახა: Хватит вам что русский иван работал и грузины кушали, отныне в поте лица вашего будете есть хлеб! აი ნაძირალა! Где хлеб, слуши, что кушать, как кушать, отупел что ли? ჩვენი რუსეთუმეები კი გვაიმედებენ, რუსეთი გვიშველისო. დალოცვილო, შენი შველა რომ სდომოდა, საბჭოთა კავშირს დაშლიდა და დამოუკიდებლობას მოგაჩეჩებდა? გიფიქრიათ იმაზე, იმიტომ ხომ არ დაშალეს, რომ რუსს არ ემუშავა და ქართველს არ ეჭამა, ეჭამა და თავიც დაემეტებინა თავდაბალი რუსისათვის?

პატრიოტები, რომლებსაც დამოუკიდებლობა ვერ მოუხმარიათ, შარვალი ჩაუხდიათ და გაჰკივიან, „რუსეთი ოკუპანტიაო“. თქვენც დალოცვილებო, მაგრამ ცოტა დარეხვილებო, რუსეთს რომ თქვენი ოკუპაცია სდომოდა, საბჭოთა კავშირში არ ჰყავდით, რატომ დაშლიდა მას და დამოუკიდებლობას შემოგტენიდათ?

ამასობაში კი გაუგებარ 26 მაისს ზეიმობთ! იზეიმეთ, ზეიმის წინ რა უდგას, მაგრამ, თუ საზეიმოდ გვაქვს საქმე, 22 დეკემბერს იზეიმოთ, როცა ლოთბაზარა ელცინმა მართლა დამოუკიდებლობა მოგიპოვათ და საქართველოს ეროვნულ გმირადაც ის ლოთბაზარა გამოაცხადეთ, რა შუაშია 26 მაისი და კვინიტაძე? კვინიტაძემ მოგიპოვათ დამოუკიდებლობა? „თავდაცვის მინისტრი იყოო“. თავდაცვისა იყო: თავი საფრანგეთში გაქცევით დაიცვა, მაგრამ თქვენ რა? ჟორდანიაზე რომ გეზეიმათ – კიდევ ჰო! იმის დროს კარობკა სპიჩკა პატიოსნად 25000 მანეთი ღირდა და ბოლშევიკებმა უსინდისოდ 1 კაპიკი გახადეს! შეიძლებოდა საქართველოს ქონების ასე გაიაფება?! იმიტომ გაიტაცა მან საქართველოს განძი საფრანგეთში, რომ გაიაფებისაგან გადაერჩინა.

ნოვე შორსმჭვრეტელი გურული გახლდათ: წინასწარ მიხვდა, რომ 1921 წელს რუსები შემოვიდოდნენ და, თადარიგი რომ დაეჭირა, 1918 წელსვე დაავალა „ექვთიმე ღვთისკაცს“ (ეს უკანასკნელი მაშინ ჯერ მხოლოდ განძთმცოდნე იყო, „ღვთისკაცი“ მერე გახდა, როცა ნამდვილმა ღვთისკაცმა გაყიდვას გადარჩენილი და საფრანგეთის მიერ კონფისკებული ქონების ნაწილი საქართველოში დააბრუნებინა), რომ, თუ რამ ეკლესიებში ფასეული იყო, მოეკრიბა და ტომრებში „გადასარჩენად“ გაემზადებინა, რამაც პატრიარქ ლეონიდეს გაუგებარი აღშფოთება და დაწყევლა გამოიწვია. ვიღაც რუსეთუმეები, პატრიარქ ლეონიდესავით, დღესაც ამუნათებენ საწყალ ნოვეს (კაი საწყალი იყო, შევარდნაძესავით საქართველოს მთელი ქონება მიიპრივატიზა!), განძი გაიტაცაო! ამ უმადურებს, რუსეთუმეებს, ვერ გაუგიათ თუ არ სურთ გაიგონ, რომ საქმე ეხებოდა არა გატაცებას, არამედ გადარჩენას! აბა, რა დაარჩენდათ ძვირ საფრანგეთში საცხოვრებლად გაქცეულ ცარიელტარიელ მთავრობას, მინისტრ კვინიტაძის ჩათვლით?! რაინდი ვასაძე კი პარტიას ქმნის, „რუსეთს უნდა დაველაპარაკოო“! რა გინდათ, შვილოთ, რას ემდურით ამ მთავრობას, აზერბაიჯანისა და სომხეთის მთავრობებს რომ ფეხებზე ჰკიდიათ ხალხის ჯანმრთელობა (1 ივნისიდან ცხვირბადის ტარებას აუქმებენ!), თქვენმა მთავრობამ თქვენზე ზრუნვით აღარ იცის რა ქნას! ქართველი პოლიციელები, 100 მეტრში რომ დაინახონ უცხვირბადო კაცი, ცოფიანი ძაღლებივით გამოეკიდებიან, რომ დააჯარიმონ! მეტი რაღა ზრუნვა გინდათ? გამონაბოლქვიან ჰაერსაც არ გასუნთქებენ და ბიუჯეტიც ივსება. ბიუჯეტიც თქვენი არ არის, როგორც თქვენ – მთავრობისა?! ერთი ჯიბიდან იღებენ, მეორეში იდებენ. კორონა დამთავრდება, მაგრამ საქართველოში ცხვირბადობანა არ დამთავრდება. აგერ, ამირან მუშკეტერამ: ორი ინდოელი დავიჭირეთ, ინდური შტამი გავრცელდებაო. შე ქოსატყუილა, თუ დაიჭირე, როგორღა გავრცელდება? ორი ინდოელის გამო 2 მილიონი ქართველი გინდათ აჯარიმოთ? თქვენი… მაგრამ თავი შევიკავოთ, გინებაზეც ჯარიმაა.

ომარ ხახიშვილი, ჟურნალისტი