სახლში მისვლის უფლებას არ მაძლევენ

სოფელ გუმათში ამ წუთებში ხმაურის აქცია მიმდინარეობს – ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეები დამონტაჟებულ ბარიკადებთან იმყოფებიან და მას ხელებს ურტყამენ.

როგორც საზოგადოებრივი მოძრაობა “რიონის ხეობის გადარჩენისთვის” დამფუძნებელმა ვარლამ გოლეთიანმა “კურიერთან” საუბრისას განაცხადა, მსგავსი დამოკიდებულება მოსახლეობის მიმართ ხელისუფლებისთვის “ცუდ ადგილზე მიმყვანია”. ვარლამ გოლეთიანი აცხადებს, რომ მანამ, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, აქციის მონაწილეები საპროტესტო აქციებს ყოველ დღე გამართავენ.

“ჩვენ ამ ფორმით გამოვხატავთ ახლა პროტესტს, ამ ძირითადი უსამართლობის წინააღმდეგ. ბარიკადი, რომელიც დგას გზაზე, რომელზე გადაადგილების უფლება აქვს ამ ქვეყანაში ყველას, ამ ქვეყნის მოქალაქეს, ჩვენთვის არის შეზღუდული მხოლოდ, ვინც ამ პროტესტში ვმონაწილეობთ.

ჩვენი სახლები, პირადად ჩემიც და ბევრი აქ მყოფი ადამიანის, ამ ბარიკადის იქეთაა და მე არ მაქვს ახლა შესაძლებლობა იმისა, რომ წავიდე ჩემს სახლში. უფრო დიდი უსამართლობა და ადამიანის ფუნდამენტალური უფლებების დარღვევა რა შეიძლება იყოს, ვიდრე არის ეს და ეს პროცესი და ეს ბარიკადი, რაც აქ არის.

ჩვენ ვფიქრობთ, რომ ხელისუფლებისთვის ცუდ ადგილზე მიმყვანი არის ასეთი დამოკიდებულება მოსახლეობის მიმართ და მათი გადასაწყვეტია, გააგრძელებენ ასე? ჩვენც აქ ვიდგებით ყოველ დღე, ყოველ დღე იქნება ეს ამბავი აქ და არავის არ მობეზრდება – ამაში დარწმუნებული იყოს ნამდვილად, ყოველ შემთხვევაში, სახელისუფლებო მხარე მინიმუმ მაინც,” – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.

 

“რეზონანსი”