ლევან ვასაძემ პოლიტიკური მოძრაობა “ერი” შექმნა და როგორც აცხადებს, სერიოზული მიზნები აქვს. რას ეუბნება „ალიას“ ლევან ვასაძის პოლიტიკური მომავლის შესახებ, ბიძინა ივანიშვილის გარემოცვასთან დაახლოებული პირი, რომელმაც, უსაფრთხოების მიზნით, საკუთარი ვინაობას საჯაროდ არ ამხელს.
„ლევან ვასაძეს პირადად ვიცნობ. ცხადია, ის პრაგმატული კონსერვატორია, ეროვნულ ფრთაზე მისი პარტია საკმაოდ მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს, მაგრამ წამყვან პოლიტიკურ ძალად ვერ იქცევა ოპოზიციაში და ვერც ხელისუფლებაში მოვა. ეს ერთი მიზეზის გამო მოხდება. ლევანს აქვს ლიდერის თვისებები, საკმაოდ კარგი ორატორია და ხალხის დარწმუნების უნარი გააჩნია, ბევრი კარგი თვისება აქვს, რომელიც პოლიტიკაში გამოადგება, მაგრამ სახალხო ლიდერად ვერ იქცევა – კომფორტის ზონიდან არ გამოვა, ეს არ შეუძლია და არ არის მის ხასიათში. არც რომელიმე ხელისუფლებას დაუპირისპირდება იმდენად, რომ საციხედ გაიმეტოს თავი და მით უფრო, მისი ქილერების სამიზნე გახდეს. ლევან ვასაძე არ დაჯდება კარავში რამდენიმე კვირა, თუ საჭირო გახდა პოლიტიკური მიზნის მისაღწევად, არ იშიმშილებს რამდენიმე დღე, ფეხით არ შემოივლის საქართველოს და რეგიონებში, რამდენიმე თვე არ დარჩება ხალხთან კომუნიკაციის გამო. შესაძლოა, ეს არც დასჭირდეს, მაგრამ რომ დასჭირდეს, ამისთვის მზად არ არის. მით უმეტეს, განვითარებად და სახელმწიფოდ არშემდგარ საქართველოში, პოლიტიკაში მიზნის მისაღწევად ხშირად სჭირდებათ პოლიტიკოსებს იმ ექსტრა–ორდინალური მეთოდების გამოყენება, რომელიც ცივილიზებულმა სამყარომ დიდი ხანია მიივიწყა. არადა, რაც უნდა გასაკვირი იყოს, ამ ყველაფერზე წავიდა ბიძინა ივანიშვილი, როდესაც „ქართული ოცნება“ შექნმა და სააკაშვილს ოპოზიციაში ჩაუდგა. სააკაშვილი მის დაჭერასაც აპირებდა, მოკვლასაც, მაგრამ დასავლეთის ქვეყნების ჩარევით, ეს საფრთხეები აირიდა თავიდან. ის ამ ყველაფრისთვის მზად იყო. თუმცა ლევან ვასაძე ჰყავს მხარდამჭერები, მათ შორის, ბევრი პატრიოტი, რომელთა შორის, სააკაშვილის რეჟიმთან წლობით ნაბრძოლი და ციხეგამოვლილი, პოლიტიკურ პროცესებში გამოვლილი და გამოცდილი ხალხია. ამ ხალხის მხარდაჭერით, ლევან ვასაძე ნაღდად შევა პარლამენტში და შექმნის კონსერვატიულ ფრაქციას. აქვე ისიც გავიხსენოთ, რომ ლევან ვასაძეს აქვს სასულიერო პირების მხარდაჭერა და ეს ქართულ პოლიტიკაში ძალიან დიდი კაპიტალია. მოკლედ, ლევან ვასაძის ხელისუფლებაში მოსვლას, როგორც არ უნდა განვითარდეს მოვლენები, გამოვრიცხავ.“– აცხადებს „ალიას“წყარო.