“სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე ხელისუფლებას მოუწოდებს, საშემოსავლო გადასახადების გადახდა კიდევ 6 თვით გადავადდეს.
„საქართველოს მოქალაქეებს, მცირე და საშუალო ბიზნესს, დასაქმებულებს მოუწევთ საშემოსავლო გადასახადების სრულად გადახდა, რაც არსებულ უმძიმეს ეკონომიკურ სიტუაციაში ფაქტობრივად შეუძლებელი და წარმოუდგენელია. ამიტომ, მოვითხოვთ და ვაყენებთ საკითხს, რომ მინიმუმ კიდევ 6 თვით გადავადდეს საშემოსავლო გადასახადების გადახდა და გავრცელდეს ის შეღავათები, როგორიც დღეს არის ზოგადად ქვეყანაში.
კოვიდ კრიზისამდე უმძიმესი პირობები იყო ეკონომიკაში. კოვიდ კრიზისმა საერთოდ გააღარიბა და გაანადგურა ქართული ბიზნესი, დაგვაკარგვინა ბევრი სამუშაო ადგილი და რაც არის დარჩენილი, ახლა ამის შენარჩუნება არის ნომერ პირველი ამოცანა. სამწუხაროდ, ჯერჯერობით არც ერთი ნაბიჯი არ არის გადადგმული იმისთვის, რომ ეკონომიკა წინ წავიდეს.
ამიტომ, ვფიქრობ, შეღავათები, რომელიც იყო გუშინ, უნდა იყოს ხვალაც, რადგან ეკონომიკაში არაფერი გაუმჯობესებულა იმისთვის, რომ ეს შეღავათები მოიხსნას. მნიშვნელოვანია, რომ დროული გადაწყვეტილება იყოს პრემიერ-მინისტრის და მთავრობის მხრიდან, რომ კიდევ 6 თვით გადავადდეს საშემოსავლო გადასახადების გადახდა და ეს შეღავათები კვლავ გავრცელდეს იმ კატეგორიაზე, ვისზეც ამ 1 წლის მანძილზე ვრცელდებოდა.
რატომ იგვიანებთ, რატომ არ აკეთებთ, ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარი და წარმოუდგენელია. უმძიმესი პირობებია ქვეყანაში“ – განაცხადა ვაშაძემ.
წყარო: itv.ge