ბრეჟნევის მონატრება – ანუ „ტილიანებო“ ამა ქვეყნისა შეერთდით!

მართალია, პოლიტიკა პოლიტიკაა და, წესითა და რიგით, ნაკლებად კი არადა, სულ არ უნდა ჰგავდეს ერთმანეთზე განაწყენებული ცოლ-ქმრის ურთიერთობას, საჯაროდ რომ ურჩევენ საქმეს ერთმანეთს, თუმცა ეს – წესითა და რიგით, რადგან სინამდვილეში ქართული პოლიტიკა ისევეა პოლიტიკა, როგორც მე ვარ ახლა ამოუცნობი მფრინავი ობიექტი. შესაბამისად, სულ ახლახან „ლეიბორისტების“ ლიდერმა ამომრჩევლებს (მაინც დავაზუსტოთ – მათ, 80 პროცენტს), არც მეტი, არც ნაკლები, „ტილიანები“ უწოდა (პათოსით – საუკეთესო წლები შევალიეო).

მომყავს ციტატა (ვინაიდან ადრე თუ გვიან, ის აუცილებლად შევა სახელმძღვანელოებში, თუმცა, როგორი ფორმით, ჩემთვის ჯერჯერობით უცნობია) ბ-ნი ნათელაშვილის შეფასებიდან: „არაფერი მქონდა ამათი (იგულისხმება ამომრჩეველი) სახვეწარი. არც ამათი ხმა მინდოდა, არც არაფერი, მე თანამდებობაც მექნებოდა, მილიარდებიც და გავლენაც. ისეთ წრეში ვტრიალებდი, რომ ბრეჟნევისა და ანდროპოვის შვილები მეგობრობდნენ ჩემთან. რად მინდოდა ამათ ტილიანი ხმები, გადავყევი, 30 წელი შევწირე მათ და კიდევ ამდენი პრეტენზიაა, ცილისწამება და ტალახია.“

თუმცა არც მთლად ბოლომდე გადაგვიწურა იმედი, დაგვაიმედა, რომ იმ 20 პროცენტის (ანუ არატილიანის) ხათრით კვლავ დარჩება პოლიტიკაში (სამწუხაროა, რომ არ დაუზუსტებია, ვის გულისხმობს იმ 20 პროცენტში და რა ნიშნით, ვინაიდან 20 პროცენტს ხმა არასდროს მიუცია „ლეიბორისტული პარტიისთვის“, თუ არ ჩავთვლით საკრებულოს არჩევნებს, როდესაც საკრებულოს თავმჯდომარეობა ნათელაშვილმა სააკაშვილს დაუთმო).

მე არ შევუდგები იმის გარჩევას, რომ ზემომოტანილი სცდება ყველანაირ გონივრულ განხილვას, მაგრამ ყველაზე საინტერესო მაინც ის პასაჟი მგონია, სადაც ბრეჟნევი და ანდროპოვია ნახსენები, რადგან გამოდის, რომ ეს ჩვენი ბ-ნი შალვა საბჭოეთის ნოსტალგიას ვერა და ვერ დახსნია.

 

“თბილისელები”