გაყიდულია?! – ეს თემა მშობლიურ მედია-სივრცეს იოტისოდენადაც არ აღელვებს?!

სანამ ეს ჩემი ცოდვით სავსე მშობლიური მედია მეასეხარისხოვან თემებს არჩევს და, ამასთანავე, მეასეხარისხოვნებს პირველხარისხოვნად ასაღებს (ვიმედოვნებ, გაუცნობიერებლად), რომ როგორმე ავნოს სახელმწიფოებრივ ინტერესს (ქართული სამოქალაქო აზროვნების თავისებურება ვერა და ვერ გასცდა იმ დონეს, რომ ხელისუფლება და სახელმწიფო იდენტური ცნებები არ არის და პირველს მეორე არ უნდა გადააყოლო, რაოდენ მოგწონდეს ან გძულდეს!), გავრცელდა ინფორმაცია (წყარო აზერბაიჯანულია), რომ ყველა ის დერეფანი, რომლებიც ზანგეზურში გაივლის, გაკონტროლდება აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მიერ, ისევე, როგორც ლაჩინის დერეფანი (თუმცა აქვე გეტყვით, რომ საქმე მთლად ასეც არ არის).

რაც მთავარია, 5-კილომეტრიანი სიგანის მონაკვეთს, რომელიც მისდევს მილსადენებს (დიახ, დიახ, აზერბაიჯანიდან საქართველოს გავლით თურქეთისკენ და შემდეგ ევროპისკენ მიმავალ საერთაშორისო მილსადენებს) გააკონტროლებენ აზერბაიჯანელი მესაზღვრეები, საკვანძო ადგილებში კი ერთობლივი რუსულ-აზერბაიჯანული პოსტები დადგებაო.

ძნელი სათქმელია, შეესაბამება თუ არა სრულ სიმართლეს ზემომოტანილი ინფორმაცია, მაგრამ დიდი ბისმარკობა არ სჭირდება იმის დადგენას, რომ ბაქოსა და მოსკოვს შორის შეთანხმება დაიდო, რის მიხედვითაც ბაქომ რაღაცის სანაცვლოდ მიიღო მოსკოვის ნეიტრალიტეტი სომხეთის წინააღმდეგ ომში, ხოლო, თუ ზემოთქმულს გავიხსენებთ, რაკი საერთაშორისო მილსადენები ჩვენი უსაფრთხოების გარანტია, ჩვენი ინტერესიც გაიყიდა (ოღონდ ეს თემა მშობლიურ მედია-სივრცეს იოტისოდენადაც არ აღელვებს)?!