ლუკაშენკო, ბელარუსში აშშ-ის ელჩს, შესასვლელ ვიზას არ აძლევს, ისიც ხან პოლნეთშია, ხან ლიტვა-უკრაინაში…

ჩვენ ხომ ჩვენი გაგვჭირვებია (ხალხი კოსმოსური ომებისთვის ემზადება, ჩვენებური პოლიტიკოსები კი იმაზე ბჭობენ, შევიდნენ თუ არა პარლამენტში ან გამოვა თუ არა საპატიმროდან ბ-ნი მელია), მაგრამ, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ (უფრო კი საბედნიეროდ), ჩვენზე თუ არა, ჩვენნაირად გაჭირვებულებს რა დალევს ამ დალოცვილ, თუმცა ამჟამად კორონიან დედამიწაზე.

ჰოდა – რაკი არ დალევს (და ვერც) და იმის გათვალისწინებითაც, რომ აშშ-ისა და ბელარუსის დიპლომატიური ურთიერთობა ერთობ უცნაურია (ლუკაშენკოს შეფასების ფაზები: „ევროპის უკანასკნელი დიქტატორი“ და „დასავლეთის პარტნიორი“ პერიოდულად იცვლება).

შესაბამისად, როდესაც ბელარუსში აშშ-ის ელჩად ჯული ფიშერი დაინიშნა, იმხანად ლუკაშენკოს „პარტნიორის“ ფაზა იყო, მაგრამ, სანამ ელჩი ოფიციალურ პროცედურებს გაივლიდა (ანუ აგრემანს მიიღებდა – ვიზიანად), მოგეხსენებათ, არჩევნების გამო ბელარუსში საპროტესტო გამოსვლები დაიწყო და ვაშინგტონსა და მინსკს შორის შავმა კატამაც ჩაირბინ-ჩამოირბინა.

აქედან გამომდინარე, ალექსანდრ ლუკაშენკო ჯული ფიშერს ქვეყანაში შესასვლელ ვიზას არ აძლევს (სხვათა შორის, ეს ქალბატონი საქართველოშიც მუშაობდა და ქართული ენაც კი იცის) და, გავრცელებული ინფორმაციით, ის ხან ლიეტუვაშია, ხან – პოლონეთში, ხოლო შიგადაშიგ – უკრაინაშიც.

იმასაც ამბობენ, რომ ვაშინგტონმა ლიეტუვას სთხოვა, რაკი ტიხანივსკაიას ბელარუსის პრეზიდენტად აღიარებთ, ფიშერიც გააელჩეთო, თუმცა ვილნიუსმა ამერიკელ ელჩს მხოლოდ დროებითი აკრედიტაცია მისცა.

ვითარება თითქოს დაძაბულია, მაგრამ პოლიტიკის საყველპუროდ მცოდნისთვისაც კი ნათელია, რომ ფაზის ცვლილებისთანავე მხარეები ისე დაუტკბებიან ერთმანეთს, უხერხულობისგან ღაწვები რაა, ისინიც კი არ შეეფაკლებათ.

 

“თბილისელები”