პოლიციამ ნარკოდანაშაულის ფაქტზე 20 წლის გოგო დააკავა

პოლიციამ ნარკოდანაშაულის ფაქტზე 20 წლის გოგო დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებული, შემდგომი რეალიზაციის მიზნით, სომხეთის რესპუბლიკიდან ნარკოტიკულ საშუალებებს იღებდა.

„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, სომხეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის და ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის ადმინისტრაციის თანამშრომლებმა ნარკოტიკული საშუალების საერთაშორისო კონტროლირებადი მიწოდება განახორციელეს.

პოლიციამ, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას ნარკოტიკული საშუალებები: „ალფა-პვპ“, „მეფედრონი“ და „ალფა-პვპ“-ის მულიაჟი ნივთმტკიცებად ამოიღო.

ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-260-ე მუხლის პირველი ნაწილით და 260-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს“ – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

წყარო: report.ge