“დასავლეთის ქვეყნები აგრესიულად არიან განწყობილნი რუსეთის მიმართ და საქართველოც მათ შორისაა, ჩვენ სხვა გზა არ გვაქვს, ჩვენ ასოცირების ხელშეკრულებას მოვაწერეთ ხელი…”
თამარ კიკნაძე, პოლიტოლოგი:
_ საქართველოს ხელისუფლებები დასავლური სამყაროს ნაწილად განიხილებიან, ყოველ შემთხვევაში, ისინი თავს ასეთებად თვლიან და ამიტომ მათ ვალდებულება აქვთ, გაატარონ ის პოლიტიკა, რომელიც შეთანხმებული იქნება დასავლეთთან. შესაბამისად, რადგან დასავლეთის ქვეყნები აგრესიულად არიან განწყობილნი რუსეთის მიმართ და საქართველოც მათ შორისაა, ჩვენ სხვა გზა არ გვაქვს, ჩვენ ასოცირების ხელშეკრულებას მოვაწერეთ ხელი.
სამწუხაროდ, ევროპარლამენტარმა მარინა კალიურანდმა არა მხოლოდ ჩვენზე, მათზეც ისაუბრა, ვინც უკვე ინტეგრირებულია ევროკავშირში. მან თქვა, რომ წევრებზეც კი არ აქვთ გადაწყვეტილებები მიღებული, რას გააკეთებენ…
მიუხედავად იმისა, რომ საქართველო პატარა ქვეყანაა, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ხელს აძლევს ჩვენთან ურთიერთობა, რადგან საქართველო საკვანძო ქვეყანაა ამიერკავკასიაში. რუსეთს თუ სურს, და სურს კიდეც, გავლენა შეინარჩუნოს კავკასიაზე, საქართველო უღირს ამად. სტრატეგიული ადგილმდებარეობა გვაქვს და სწორედ ამიტომაცაა, რომ დასავლეთიც და ამერიკაც ამხელა ინტერესს იჩენენ საქართველოს მიმართ. დასავლურ სამყაროს არ სურს ჩვენი ქვეყნის დაკარგვა, როგორც ძირითადი საყრდენის კავკასიაში, თუმცა, ყველაზე მეტად ეს ამბიცია რუსეთს აქვს ადგილმდებარეობის გამო, რაც ჩვენი მხრიდან გასათვალისწინებელია.
საქართველო პატარა, ბუფერული სახელმწიფოა, ჩვენ, სამწუხაროდ, არ ვართ სუბიექტები, ჩვენ საერთაშორისო პოლიტიკის ობიექტები ვართ, ამიტომ ჩვენი ბედი დამოკიდებულია დიდი ქვეყნების პოლიტიკაზე.
ამერიკისა და რუსეთის პრეზიდენტები ერთმანეთს 16 ივნისს ჟენევაში შეხვდებიან. ამ შეხვედრაზე, შესაძლოა, უცბად არ გადაწყდეს ჩვენნაირი ქვეყნის ბედი, მაგრამ, გავლენების გადანაწილება რომ მოხდება და ახალი წესრიგი დამყარდება, ფაქტია, რადგან ამ შეხვედრის ინიციატორი თვით ამერიკის შეერთებული შტატები იყო.
საქართველო სუვერენული ქვეყანა არ არის, ის ასოცირების ხელშეკრულების ხელმომწერია და დამოკიდებულია დასავლეთზე, რადგან ყველა დახმარება იქიდან მოდის, ამიტომ გვიჭირს გადაწყვეტილების მიღება ამა თუ იმ ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე. ჩვენ ავირჩიეთ რუსეთთან კონფრონტაციის კურსი, რომელიც გააძლიერა სააკაშვილმა და მას ახლა ვეღარაფერი შეცვლის, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია რუსეთთან ურთიერთობის მოგვარება. რუსეთთან კონსტრუქციული დიალოგის მომხრე ყველა ადამიანი მოღალატედ ითვლება, არადა, “მტრის” მოკეთედ გადაქცევა დიპლომატიაში უმაღლეს პილოტაჟად არის მიჩნეული.
თუკი რუსეთს არ დაველაპარაკებით, ის ყველაზე ცუდ პოლიტიკას გაატარებს საქართველოში, ამიტომ საინტერესოა, ამერიკაში ჩვენს ელჩს, ბაქრაძეს, რა აძლევს იმის საფუძველს, რომ არ ეშინოდეს რუსეთის?! ვისაც რუსეთის “არ ეშინია”, გაიქცევა აქედან და ამის კლასიკური მაგალითები გვაქვს, მაგრამ რა ვქნათ ჩვენ, ვისაც წასვლა არ გვსურს?!
წყარო: გაზეთი “საქართველო და მსოფლიო”