შსს „ნამახვანჰესის“ აქციის ერთ-ერთი წევრის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

შსს „ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგე აქციის ერთ-ერთი წევრის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

– “მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ დამატებით ინფორმაცია წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ საყულიაში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით.

მიმდინარე წლის 1 ივნისს, სოფელ საყულიაში პოლიციამ 1992 წელს დაბადებული ი.მ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავა.

როგორც უკვე ვაცნობეთ საზოგადოებას, ი.მ.-ს დაკავების დროს პოლიციის თანამშრომლებს წინააღმდეგობა გაუწიეს ადგილობრივმა მცხოვრებლებმა, მოხდა თავდასხმა სამართალდამცველებზე. ადგილობრივებმა პოლიციას გადაადგილების საშუალება შეუზღუდეს, ცდილობდნენ მოსამართლის განჩინების საფუძველზე დაკავებული ბრალდებულის გათავისუფლებას, შეეცადნენ პოლიციისთვის ცეცხლსასროლი იარაღის წართმევას და უწევდნენ წინააღმდეგობას. ამავდროულად პოლიციას ესროდნენ ქვებს და სხვადასხვა საგანს, რის შედეგადაც ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო პოლიციის ორმა თანამშრომელმა.

სიტუაციის ესკალაციის არიდების და დაპირისპირების განმუხტვის მიზნით, პოლიციამ განახორციელა გამაფრთხილებელი გასროლა. ასევე, გამოყენებულ იქნა სპეციალური საშუალებები.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით მიმდინარეობს“ – ნათქვამია განცხადებაში.

წყარო: newposts.ge