აშშ-მა ბულგარეთის 3 მოქალაქეს და 64 კომპანიას სანქციები დაუწესა

შეერთებულმა შტატებმა ბულგარეთის სამ მოქალაქეს და მათთან დაკავშირებულ 64 კომპანიას, სავარაუდო კორუფციული საქმიანობის გამო, სანქციები დაუწესა, – ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, სასანქციო სიაში შეყვანილ პირებს შორის არის ბიზნესმენი და ოლიგარქი ვასილ ბოჟკოვი. მას ადანაშაულებენ იმაში, რომ სურდა რუსი ლიდერებისთვის გაეხსნა არხი, რომლის საშუალებითაც ისინი ბულგარეთის მთავრობაზე ზეგავლენის მოხდენას და მთავრობის ოფიციალური პირების მოსყიდვას შეძლებდნენ.

სახაზინო დეპარტამენტმა სანქციები დაუწესა ასევე ბიზნესმენსა და პარლამენტის ყოფილ წევრს დელიან პეევსკის და მთავრობის წარმომადგენელს, ილკო ჟელიაზკოვს, რომელსაც დეპარტამენტის განმარტებით, პეევსკი მოსყიდვის სქემების განსახორციელებლად იყენებდა.

სანქციები ითვალისწინებს, „შავ სიაში“ შესული პირებისთვის აშშ-ის ფინანსურ სისტემაზე წვდომის დაბლოკვასა და აშშ-ში მათი აქტივების გაყინვას. ამასთან, სანქციები აშშ-ის მოქალაქეებს მათთან საქმის დაჭერა უკრძალავს.

ბულგარეთის დროებითმა პრემიერ-მინისტრმა სტეფან იანევმა განაცხადა, რომ მას აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ პოლიტიკურ საკითხებში ვიქტორია ნულანდმა ტელეფონით აცნობა ამ ნაბიჯის შესახებ, რომელიც ბულგარეთში კორუფციასთან ეფექტური ბრძოლის ნაწილია.