ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული პირები პატიმრობაში დატოვა. ადვოკატები დაკავებულებისთვის გირაოს შეფარდებას ითხოვდნენ.
როგორც ბრალდებულთა ადვოკატებმა სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადეს, მოსამართლემ პატიმრობის ძალაში დატოვების მიზეზად მიმალვისა და მტკიცებულებების განადგურების საფრთხე დაასახელა.
სხდომას დაკავებულები, ძმები ფირუზ და რეზო წულუკიძეები, ასევე ძმები თამაზ და თორნიკე ჭელიძეები, ირაკლი და გელა ჭელიძეები, ასევე ელდარ ანთაძეც დაესწრნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ექვსი პირი 15 აპრილს, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავა. რამდენიმე დღეში კი ასევე დააკავეს ელდარ ანთაძე.
შეგახსენებთ, ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 12 აპრილს, ქალაქ ქუთაისში, გუმათჰესის დასახლებაში „ნამახვანჰესის” მშენებლობასთან დაკავშირებით მიმდინარე საპროტესტო აქციაზე, ჯგუფურად იძალადეს და ფიზიკური დაზიანებები მიაყენეს აქციაზე მყოფ სამ პირს. ასევე, დააზიანეს ერთ-ერთი დაზარალებულის კუთვნილი ავტომანქანა. ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და მასში მონაწილეობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით მიმდინარეობს.
წყარო: bm.ge