“ოცნების” დეპუტატმა ბავშვთა პანსიონზე დასმულ კითხვას ზურგი შეაქცია

„ოცნების“ დეპუტატმა დავით სონღულაშვილმა ზურგი შეაქცია ჟურნალისტებს მას შემდეგ, რაც ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში არსებულ ვითარებაზე დაუსვეს კითხვა.

ვიდეოში, რომელსაც „ფორმულა“ ავრცელებს, ისმის, თუ როგორ ეკითხება ჟურნალისტი დეპუტატს, თუ რას ფიქრობს ის ბავშვთა პანსიონზე. მას ესმის კითხვა, შემდეგ კი ამბობს: „ეკონომიკასთან დაკავშირებით გაქვთ სხვა კითხვა?“. ამის შემდეგ მმართველი პარტიის დეპუტატი ტერიტორიას ტოვებს.

ამის შემდეგ, ჟურნალისტები მას უხსნიან, რომ როგორც მმართველი გუნდის წარმომადგენელმა, მნიშვნელოვანია, რომ მან თავისი პოზიცია დააფიქსიროს. სონღულაშვილი ამაზე აცხადებს:  „შესაბამისი კომიტეტი გაგცემთ მაგაზე პასუხს,“.

დავით სონღულაშვილი საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარეა.


რა ხდება ნინოწმინდაში

გაეროს ბავშვთა უფლებათა კომიტეტმა საქართველოს ხელისუფლება 7 მაისს დაავალდებულა, უზრუნველეყო მართლმადიდებელი ეკლესიის დაქვემდებარებაში მყოფი ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის მონიტორინგი იმის გასარკვევად, თუ რა მდგომარეობაში არიან იქ ბავშვები.

ჯერჯერობით სახელმწიფო დუმს. ეკლესია ომბუდსმენს არ აძლევს უფლებას პანსიონატში შევიდეს. ამასთანავე, 2 ივნისს სახალხო დამცველმა გამოთხოვილ ინფორმაციაზე დაყრდნობით განაცხადა, რომ 2016-2021 წლებში პანსიონში სისხლის სამართლის 4 გამოძიება მიმდინარეობს, მათ შორის ერთი – გაუპატიურების მუხლით, დანარჩენი კი ძალადობის.

არსებული ინფორმაციით, პანსიონში 150-მდე ბავშვი ცხოვრობს. ამასთანავე, სახალხო დამცველის 2015 და 2018 წლის ანგარიშში ნათქვამია, რომ პანსიონში სხვა პრობლემებთან ერთად, გამოიკვეთა – „მკაცრი აღზრდის სტილი და სოციალიზაციის ნაკლებობა“. პანსიონში წარსულში მკაცრი პედაგოგების არსებობას ადასტურებს ერთ-ერთი დეკანოზიც.

მას შემდეგ, რაც მედიაში ნინოწმინდის პანსიონის შესახებ ცნობები გავრცელდა, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტომ თქვა, რომ დაწესებულებაში სოციალური მუშაკები შეუშვეს.

19 მაისს სახალხო დამცველმა კიდევ განცხადება გაავრცელა, რომ ნინოწმინდის პანსიონში აპარატის წარმომადგენლები ისევ არ შეუშვეს. ამ დრომდე [3 ივნისი] სახალხო დამცველი დაწესებულებაში ვერ შედის.

აპარატის თქმით, არშეშვების კიდევ ერთი ფაქტი აჩვენებს, რომ სახელმწიფო არ ასრულებს გაეროს მიერ დაკისრებულს ვალდებულებას და არღვევს ბავშვის უფლებათა დაცვის კუთხით მასზე დაკისრებულ ვალდებულებებს.

ამის პარალელურად, პანსიონში შეუშვეს ულტრანაციონალისტური განწყობების მამა-შვილი ფალავანდიშვილები, დიმიტრი ლორთქიფანიძე და „ალტ-ინფო“. რამდენიმე დღის წინ პანსიონი მოინახულა მიტროპოლიტმა სერაფიმემ (ჯოჯუა), რომელსაც არასრულწლოვანზე სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებდნენ.

 

“ნეტგაზეთი”