სამი კვირის წინ რუსეთმა სამი გერმანული არასამთავრობო ორგანიზაციის საქმიანობა ქვეყანაში არასასურველად გამოაცხადა, რამაც ბერლინი აღაშფოთა.
როგორც საინფორმაციო სააგენტო РИА Новости წერს, შეშფოთებული იყო თავად საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაიკო მაასიც.
„იმ ორგანიზაციებისთვის საქმიანობის აკრძალვა, რომლებიც ძალისხმევას არ იშურებენ ჩვენს ქვეყნებსა და მოქალაქეებს შორის ურთიერთგაგების განმტკიცებისთვის — ეს სერიოზული დარტყმაა ჩვენ ძალისხმევებზე რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესების საქმეში. რუსეთის გენერალური პროკურატურის გადაწყვეტილება, საქმიანობა შეუჩერდეს სამოქალაქო საზოგადოების სფეროს სამ გერმანულ ორგანიზაციას, განსაკუთრებით უცნაურია და მიუღებელი“, — განაცხადა მაასმა.
მოკლედ, ეს რუსები — ჩვენ მათთან ურთიერთობების დალაგებას ვცდილობთ, ისინი კი ქვეყანაში საქმიანობას უკრძალავენ იმ ენთუზიასტებს, რომლებიც „ძალისხმევას არ იშურებენ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთგაგების განმტკიცებისთვის!“ რატომ აეკრძალათ მუშაობა „რუსულენოვანი ევროპელების ფორუმს“, „გერმანულ-რუსულ გაცვლასა“ და „ლიბერალური თანამედროვეობის ცენტრს“ — ამ რუსულ-გერმანული მეგობრობის მცველებს?
პასუხი საკმაოდ სწრაფად მოვიდა: უკვე ორი დღის შემდეგ „ლიბერალური თანამედროვეობის ცენტრის“ საიტზე მისი შემქმნელისა და ხელმძღვანელის რალფ ფუქსის კომენტარი გამოქვეყნდა. მან მხარი დაუჭირა ანგელა მერკელისადმი 80 პოლიტიკოსისა და ექსპერტის ღია მიმართვას — გასაგებია, რომ ეს რუსეთში ორგანიზაციის აკრძალვამდე მზადდებოდა და საერთოდ არ აქვს ამასთან კავშირი.
სამაგიეროდ პირდაპირ უკავშირდება გერმანიაში წინასაარჩევნო კამპანიას, რა დროსაც ძირითადი ბრძოლა მერკელის ქრისტიან-დემოკრატებსა და „მწვანეებს“ შორის მიმდინარეობს. ამ უკანასკნელთან კი მჭიდრო კავშირი აქვს „ლიბერალური თანამედროვეობის ცენტრს“. ასე რომ, მისი აქტიური მონაწილეობა მერკელისადმი მიმართვაში სწორედ „მწვანე“ კანდიდატის ანალენა ბერბოკის პოპულურაზიციას ემსახურება კანცლერის პოსტზე. არა, ის წერილში ნახსენები არ არის — მასში საუბარი თანამედროვე გერმანიის მთავარ პრობლემაზეა.
და რა არის ეს? ეკონომიკა, ევროინტეგრაცია თუ ეროვნული იდენტობა? არა — ეს „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ია.
თქვენ გეგონათ, რომ მას შემდეგ, რაც გასულ კვირაში ჯო ბაიდენმა უკვე პრაქტიკულად დასრულებული გაზსადენის წინააღმდეგ ბრძოლა უაზრობად აღიარა, ყველაფერი მორჩა? და რომ ახლა გერმანელები ვაშინგტონში მოლაპარაკებებით არიან დაკავებული კანცლერის მრჩევლების თაოსნობით, რათა რუსული გაზსადენის მიმართ ამერიკული პრეტენზიები მოიხსნას და, საერთოდაც, ევროკავშირსა და აშშ-ს შორის სავაჭრო-ეკონომიკური დაძაბულობა შერბილდეს?
და მერე რა, თუ ბაიდენმა თქვა, რომ გერმანიასთან ურთიერთობების გაფუჭება არ უნდა — თავად გერმანიაში საკმარისად არიან ისინი, ვინც ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას ეროვნულ ინტერესებს.
თუმცა, რატომ მარტო გერმანიაში? ორგანიზაციის საიტზე გამოქვეყნებულ წერილს მთელი დასავლეთის 80 ცნობილი პოლიტიკოსი, მეცნიერი და სამხედრო პირი აწერს ხელს (და „რუსეთის მშვენიერი მომავლიდანაც“, იქ ხომ „დემოკრატიისთვის გამოჩენილი მებრძოლი“ ჰყავთ ვლადიმირ მილოვის სახით). ძალიან ბევრნი არიან პოლონეთიდან და ბალტიისპირეთიდან, არის უკრაინის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი კლიმკინიც, ასევე ყოფილი ამერიკელი ელჩებიც. ხელი, რაღა თქმა უნდა, გერმანელებსაც აქვთ მოწერილი, მაგალითად, იუსტიციის ყოფილ მინისტრს.
ხელმომწერებს ერთი მარტივი რამ აერთიანებს: ურყევი ატლანტისტობა. ისევე ურყევი, როგორც თავად ანალენა ბერბოკია, რომელმაც უკვე ამ მიმართვის გამოქვეყნების შემდეგ დაამტკიცა საკუთარი პოზიცია: „ერთი მხრივ, კეთდება განცხადებები [რუსეთის წინააღმდეგ] ევროკავშირის სანქციების მხარდასაჭერად, მეორე მხრივ — ამჟამინდელი ფედერალური მთავრობა მხარს უჭერს გაზსადენი „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის აგებას. ეს კი სანქციების ეფექტურობას ამცირებს. ასეთი არასწორი პოლიტიკა სასწრაფოდ უნდა შეჩერდეს“.
„ოთხმოცის მიმართვა“ ცდილობს გერმანიის მთავრობა „მილსადენის მშენებლობისთვის მორატორიუმის დაუყოვნებლივ შემოღებაში“ დაარწმუნოს. და ფართოდ განმარტავს, რით არის ესოდენ საშიში „ჩრდილოეთის ნაკადი-2“.
- ის არღვევს ევროპის ერთიანობასა და ტრანსატლანტიკურ ურთიერთობას;
- ეწინააღმდეგება ევროპისა და გერმანიის ახალ მიზნებს კლიმატის სფეროში;
- ემუქრება უკრაინის ისედაც არამდგრად უსაფრთხოებას;
- ეწინააღმდეგება ევროკავშირის საერთო საგარეო ენერგეტიკულ პოლიტიკას.
ამ პუნქტებს „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ის ისტორიაში მოკლე ექსკურსი მოჰყვება. და იქაც ყველაფერი შესანიშნავადაა, ვინაიდან კიდევ ერთი ფარული პუნქტი იჩენს თავს, რომელიც უკვე რუსეთის შიდა მოწყობას ეხება.
ირკვევა, რომ პროექტი თავიდანვე არაერთმნიშვნელოვანი იყო: მასზე შეთანხმებას „ხელი ყირიმის ანექსიიდან და უკრაინის აღმოსავლეთში რუსული ინტერვენციიდან მოკლე ხანში მოეწერა“, ახლა კი „გრძელდება უკრაინის წინააღმდეგ გამოუცხადებელი ომი, რუსეთში დემოკრატიული სამოქალქო საზოგადოების წინააღმდეგ რეპრესიები კი უფრო ხისტი ხდება“. გარდა ამისა, იყო „დასავლეთის ლიბერალურ დემოკრატიებზე თავდასხმის მთელი სერიები“ — ეს როცა ტრამპი აირჩიეს? ამიტომაც არ გამართლდა „იმედები Wandel durch Handel-ზე“ („ცვლილება ვაჭრობით“), ანუ არც რუსეთის შეცვლა გამოვიდა (სათავეში „დემოკრატიული სამოალაქო საზოგადოება“ ვერ მოვიდა) და არც მისი საგარეო პოლიტიკა.
სიმართლე ითქვას, ამგვარ აღიარებაში გასაკვირი არაფერია, მაგრამ ამ შემთხვევაში უცნაურია აღშფოთება იმით, რომ რუსეთში „ლიბერალური თანამედროვეობის ცენტრის“ მსგავს ორგანიზაციებს მუშაობას უკრძალავენ. აბა, როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ ის არა მარტო რუსეთის ინტერესების, არამედ რუსულ-გერმანული ურთიერთობების წინააღმდეგაც მუშაობს? სანამ ბერლინი წარმატებით ინარჩუნებს გერმანიის სუვერენიტეტს (თუნდაც შეზღუდულს), მას უბრალოდ სუვერენიტეტის დათმობას კი არ სთავაზობენ, არამედ სურთ, გერმანიამ ევროკავშირი კიდევ მეტად გახადოს დამოკიდებული აშშ-ზე, უფრო სწორედ, ატლანტისტებზე:
„ჩრდილოეთის ნაკადი-2“ არის დაბრკოლება ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებში „ახალი სტარტისთვის“, რაც უკვე დიდი ხანია, მომწიფდა… მორატორიუმი — ეს არის ერთიან ევროპულ პოზიციამდე მისვლის შანსი. და, ბოლოს, რაც მნიშვნელოვანია, მორატორიუმი იქნება მკაფიო სიგნალი რუსეთის ხელმძღვანელობისთვის, რომ ისინი საერთაშორისო სამართლისა და წესების დარღვევისთვის შედეგებს მოიმკიან“.
ხელმომწერები ვერც კი ამჩნევენ ამ წინადადების აბსურდულობას, ვინაიდან დარწმუნებული არიან, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“ არა მარტო არასაჭირო, არამედ საზიანოც კია ევროპისთვის. მაშ, რატომ არ ეთანხმება მათ ევროპული ელიტის დიდი ნაწილი, რომ აღარაფერი ვთქვათ უბრალო გერმანელებზე?
იმიტომ რომ საუბარია ორ სხვადასხვა ევროპაზე: ერთი კვლავაც სურთ რომ დამოკიდებული იყოს ანგლოსაქს მესაჭეებზე, მეორე კი თანდათან დაიბრუნებს დამოუკიდებლობას. პირველი რუსეთთან კონფრონტაციისთვისაა განწირული, მეორე კი აღმოსავლელ მეზობელთან ნორმალური თანამშრომლობის გარეშე ვერ იქნება.
პიოტრ აკოპოვი