იცხოვრონ წყალზე, ღვინოზე და პურზე, როგორც ქრისტიანობაშია მიღებული – ნათელაშვილი სასულიერო პირებს

საპატრიარქოს უნდა აეკრძალოს ყოველგვარი პანსიონატების გახსნა, – ამის შესახებ “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატში განვითარებული მოვლენების შეფასებისას განაცხადა.

მისი თქმით, სასულიერო პირებმა უნდა იცხოვრონ იმ წესებით, რაც ქრისტიანობაშია მიღებული.

“ჩემთვის მთავარია ჩვენი ქვეყანა, მომავალი, ჩვენი ისტორია და დანარჩენი არის მეორეხარისხოვანი – საპატრიარქოც, პოლიტიკაც, ჩემი თავიც და ყველაფერი არის დამატებითი, აი, ამ დიდ მიზანთან შედარებით. ამიტომ, მე არასდროს დავიხევ უკან სიმართლე ვთქვა, რომ რაღაცას ეშველოს. რაღაც გამოსწორდეს.

საპატრიარქოს უნდა აეკრძალოს ყოველგვარი პანსიონატების გახსნა. ყველამ უნდა აკეთოს თავისი საქმე. საპატრიარქომ ღმერთს შესთხოვოს თანადგომა და დახმარება, იცხოვრონ წყალზე, ღვინოზე და ხმელ პურზე, როგორც ეს ქრისტიანობაშია მიღებული.

ევრორემონტიანი მეუფეები, ჯიპიანი, მძღოლიანი, მოსამსახურე პერსონალით გარშემორტყმული, ბიზნესმენი მეუფეები ეს არის უბედურება ქვეყნისათვის. მე ამას ვლაპარაკობ იმიტომ, რომ ეკლესია იყოს ძლიერი. ასეთი მამაოების ფონზე ეკლესია ძლიერი ვერ იქნება”,- განაცხადა შალვა ნათელაშვილმა “ტვ პირველის” ეთერში.