სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა სააგენტოს თქმით, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონიდან 6 ბავშვი უკვე გადაყვანილია „სხვა ზრუნვის ფორმაში“, ხოლო 10-ის გადაყვანაზე მიმდინარეობს მუშაობა.
„დღეისათვის ყველა მსხვილ ბავშვთა სახლში მიმდინარეობს დეისტიტუციონალიზაციის პროცესი. მას შემდეგ, რაც ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში ბავშვთა ზრუნვის სამსახურს მიეცა შესაძლებლობა, შესულიყო და თავისი საქმიანობა განეხორციელებინა, აღნიშნული დაწესებულების დატოვების სურვილი 6 არასრულწლოვანის მხრიდან გამოითქვა.
მათი საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, სააგენტომ მოახდინა შესაბამისი რეაგირება და უკვე უზრუნველყო მათი სხვა ზრუნვის ფორმაში გადაყვანა.ამჟამად გრძელდება ინტენსიური მუშაობა, იდენტიფიცირებულია კიდევ 10- მდე ბავშვი, რომელთა გადაყვანაზეც მიმდინარეობს მუშაობა,“ — აცხადებს უწყება.
სააგენტოს ინფორმაციითვე, ამ დროისთვის ნინოწმინდის პანსიონში სოციალური მუშაკები და რეგულირების სააგენტოს წარმომადგენლები იმყოფებიან.
„გაჟღერებულ ფაქტებთან დაკავშირებით, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, საქმეში ჩაერთვნენ სააგენტოს ფსიქოლოგებიც,“ — აცხადებს სააგენტო.
რამდენიმე დღის წინ ამავე სააგენტოს დირექტორმა, მერი მაღლაფერიძემ განაცხადა, რომ პანსიონში ამ დროისთვის 53 ბავშვი ირიცხება.
“ნეტგაზეთი”