PHR სასამართლოს მიმართავს და ნინოწმინდის პანსიონიდან ბავშვების გამოყვანას მოითხოვს

“პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” იურისტი ანა არგანაშვილი აცხადებს, რომ ხვალ, 4 ივნისს, სასამართლოს მიმართავენ ახალი შუამდგომლობით და უზრუნველყოფის ღონისძიების სახით ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონიდან ყველა ბენეფიციარის დაუყოვნებლივ გამოყვანას მოითხოვენ:

“ხვალ დილას სასამართლოში შევიტანთ ახალ შუამდგომლობას და უზრუნველყოფის ღონისძიების სახით მოვითხოვთ ნინოწმინდის ბავშვთა სახლიდან ყველა ბავშვის დაუყოვნებლივ გამოყვანას. მხოლოდ მონიტორინგის მოთხოვნა აღარ არის საკმარისი. დღეს გავრცელებული ახალი კადრები და ინფორმაცია ბავშვთა მიმართ ძალადობის და დანაშაულების შესახებ ჩვენთვის საგანგაშოა”, – აცხადებს იურისტი.

გუშინ, 2 ივნისს, სახალხო დამცველმა უწყებებიდან გამოთხოვილ ინფორმაციაზე დაყრდნობით განაცხადა, რომ 2016-2021 წლებში ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში 4 საქმეზე გამოძიებაა დაწყებული. აქედან ერთი — სავარაუდო გაუპატიურების მუხლით, დანარჩენი კი, ძალადობის.

დღეს, 3 ივნისს, განცხადება გაავრცელა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, რომელშიც უწყება ამბობს, რომ აღნიშნულ საქმეებში ამ ეტაპზე  არ არის საკმარის მტკიცებულებათა ის სტანდარტი, რომლითაც დადგინდება შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტი, გამოძიებას კი აგრძელებს.

 

“ნეტგაზეთი”