“ფაქტი იყო ის, რომ სწორედ იმ ორ დღეს ითხოვდა გიორგი გახარია ოპერაციის ჩასატარებლად, როდესაც სახელმწიფო სტრუქტურების ჩამოშლა დააანონსა „ნაცმოძრაობამ“”, ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა, რითაც „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის გუშინდელ განცხადებას გამოეხმაურა.
– “ყველამ დავინახეთ, რომ ის მიზეზი, რომ ოფისთან მხარდამჭერთა რაოდენობა შემცირდებოდა ან მოდუნდებოდა, ნამდვილად არ დადასტურდა, პირიქით, რაოდენობა და წინააღმდეგობა გაიზარდა, გაიზარდა ისტერიკა, რომელიც უკრაინიდან მომდინარეობდა და, რასაკვირველია, ყველაფერი, ყველა მოქმედება, ყველა ნაბიჯი, მათ შორის გადადგომაც, დაემთხვა იმ ინტერესს, რომელზეც უკვე ღიად დაიწყეს საუბარი „ნაცმოძრაობის“ ბანაკიდან, ალამუთის ციხე-სიმაგრიდან“ – განაცხადა გია ვოლსკიმ.
შეგახსენებთ, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, კიევიდან მათ შეატყობინეს, რომ „ნაცმოძრაობას“ ხელისუფლების აყირავების გეგმის სისრულეში მოყვანისთვის 2 დღე სჭირდებოდა, და სწორედ 2 დღით ითხოვდა გიორგი გახარია ნიკა მელიას დაკავების გადადებას, რაც საეჭვოდ დაემთხვა ერთმანეთს.
წყარო: newposts.ge