ჩემთვის ლოგიკასაა მოკლებული, რომ გააგრძელო პარლამენტში საქმიანობა და უარი თქვა ხელმოწერაზე

ჩემთვის ლოგიკასაა მოკლებული, რომ გააგრძელო პარლამენტში საქმიანობა და უარი თქვა ხელმოწერაზე – სალომე სამადაშვილი.

ოპოზიციონერი დეპუტატი სალომე სამადაშვილი პარლამეტნში „ნაციონალური მოძრაობის“ შესვლას ეხმაურება.

როგორც სალომე სამადაშვილი ამბობს, ლოგიკასაა მოკლებული ის ფაქტი, რომ პარტია პარლამეტნში შევიდეს და შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი არ მოაწეროს.

„კარგია, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიიღო გადაწყვეტილება პარლამენტში შემოსვლის შესახებ, თუმცა მიმაჩნია, რომ მათი მხრიდან ასევე სწორი იქნება შარლ მიშელის შეთანხმების ხელმოწერა. ოპოზიციამ გადაწყვეტილება პარლამენტში საქმიანობის შესახებ მიიღო სწორედ ამ შეთანხმების საფუძველზე. ამიტომ ჩემთვის პოლიტიკურ ლოგიკასაა მოკლებული, რომ გააგრძელო პარლამენტში საქმიანობა და უარი თქვა ხელმოწერაზე მაშინ, როდესაც შეთანხმება მიაჩნიათ სტრატეგიულად მნიშვნელოვან ამოცანად ჩვენს მოკავშირეებს.

შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციური ძალების ძალისხმევა მიმართული იყოს მიშელის გეგმის შესრულებისკენ. პარლამენტში შემოსვლის გადაწყვეტილებით ისინი პატივს სცემენ საკუთარი ამომრჩევლის არჩევანს, მაგრამ ამავე დროს გაუგებარია, მათი გადაწყვეტილება დოკუმენტის ხელმოწერაზე უარის შესახებ”,- განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

ცნობისთვის, დღეს „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში შედის. პარალელურად პარლამენტთან აქცია იმართება, რომლებიც პარლამენტში მათ შესვლას აპროტესტებენ. „ნაციონალური მოძრაობა“ შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელის მოწერას ჯერ არ აპირებს.

წყარო: ptn.ge