ჩამოგდებული “ბოინგის”, MH-17-ის საქმე: აშშ დანაშაულის მტკიცებულებებს მალავს

“მალაიზიის ავიახაზების” კუთვნილი სამგზავრო თვითმფრინავი “ბოინგ 777”, რეისი MH-17 (ამსტერდამი – კუალა-ლუმპური), რომელიც 2014 წლის 17 ივლისს უკრაინის საჰაერო სივრცეში, დონბასის რეგიონის თავზე ჩამოაგდეს, როგორც ჩანს, უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ არის ჩამოგდებული, მიუხედავად იმისა, რომ მთელი ამ წლების მანძილზე ამერიკა და მისი გავლენის აგენტურა ნიდერლანდებში ამტკიცებდნენ, რომ “ბოინგი” რუსების ჩამოგდებულია.

ეს დასკვნა კეთდება აშშ ხელისუფლების უარით, ნიდერლანდების სასამართლოს გადასცეს თავად ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ჯონ კერის მიერ 2014 წელს დაანონსებული “მტკიცებულება”. კერი მაშინ ამტკიცებდა, რომ ვაშინგტონი ფლობს სატელიტურ ფოტოსურათებს, თუ როგორ იქნა გასროლილი “ბუკ”-ის სისტემის რაკეტა რუსების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან და რა ტრაექტორიით მიაღწია მან თვითმფრინავს.

ახლა, როდესაც ჰააგის სასამართლომ, ისევე, როგორც დაღუპული მგზავრების ოჯახის წევრებმა, ეს მტკიცებულება მოსთხოვეს ვაშინგტონს, იქიდან მტკიცე უარი მოვიდა. ამერიკის ხელისუფლება არ აპირებს, თავისი ცილისმწამებლური ბრალდებები რუსეთის მიმართ საქმით გაამყაროს. ამერიკელი “ჩეკისტები” ამბობენ, რომ მტკიცებულებების გადაცემა გამოიწვევს მათი სადაზვერვო “წყაროების” გამხელას. უცნაური არგუმენტია, მაგრამ როდესაც ამერიკელები თავიანთ ბოროტ ტყუილებს ვერ მალავენ, ასეთ უბადრუკ “არგუმენტაციას” მიმართავენ ხოლმე.

თვალის ახვევის მიზნით, ვაშინგტონში ჰოლანდიელი პროკურორი მიიწვიეს, რომელსაც რაღაც საბუთები აჩვენეს, თუმცა, როგორც ნიდერლანდების იუსტიციის სამინისტრო აცხადებს, “გამოძიების ძირითადი მონაცემებისა და მეტამონაცემების ნაწილი პროკურორს გადასამოწმებლად არ გააცნეს”.

შეგახსენებთ, რომ მალაიზიური “ბოინგის” ჩამოგდება და ამაში რუსეთის მყისიერი დადანაშაულება 2014 წელს, საბაბად იქნა გამოყენებული, რუსეთის წინააღმდეგ დასავლური სანქციების პირველი პაკეტის შემოსაღებად. რუსული მასმედია ვარაუდობდა, რომ მალაიზიური სამგზავრო თვითმფრინავი უკრაინულმა სამხედრო თვითმფრინავმა ჩამოაგდო, რათა ყველაფერი დონბასელებს და რუსეთს დაბრალებოდა.