„ტაბულას” გენერალური დირექტორი, თამარ ჩერგოლეიშვილი გიგი უგულავას გახარიაზე გაკეთებული განცხადების გამო აკრიტიკებს.
„“ჩემი მტრის მტერიო” და აღგზნებულია რამდენიმე ფიგურა.
ჯერ ის, რომ მიშასაც უძახეს ჯართი, მაგრამ ისიც ვნახეთ რა ჰაეროვნად დურთეს თავი ჯართის იღლიაში.
მერე ის, რომ იგავ-არაკებს გაეცანით, თუ დაგვიანებული არაა – ეგებ ღატაკში და ქილა ერბოში, თავები ამოიცნოთ.”, – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.
ცნობისთვის, გიგი უგულავა ამბობს, რომ გახარია „ქართული ოცნების” „მტერია” ამიტომ ის მასთან პოლიტიკურ ბრძოლას არ აპირებს.
“გახარია სანამ 20 ივნისზე სრულ სიმართლეს არ იტყვის, თუნდაც საკუთარ თავთან, სანამ ოდნავ მაინც თანაგრძობა არ ექნება თვალგამოთხრილი ადამიანების მიმართ, ჩემთვის გულის რევის და ზაფვრის ობიექტია, მაგრამ ხვალ, რომ გახარიას ყურით მოთრეული არგუმენტით, თუნდაც სახელმწიფო გადატრიალების არგუმენტით ბრალი წაუყენონ – მე მას დავიცავ, დავიცავ ნებისმიერ განსხვავებულ ადამიანს, რომელსაც ჩაგრავენ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ის მართალია ან რაიმე ღირებულებას წარმოადგენს. მას არანაირი ღირებულებები არ აქვს, არანაირი პრინციპები არ აქვს. რაც არ უნდა ბოროტებად ვთვლიდეთ გახარიას, ამ ქვეყანაში აბსოლუტურ ბოროტებად, ამ ქვეყნის სხეულზე კიბოდ ჩამოყალიბდა ბიძინა ივანიშვილი. ბიძინა ივანიშვილის მეტასტაზები და საცეცები არიან კობახიძე და დანარჩენები. ახლა ფაქტია, რომ გახარია მის წინააღმდეგ არის იმიტომ, რომ ყოველი მისი ხმა არის დაკლებული “ქართული ოცნებისთვის”, ამიტომ ჩემი მტრის მტერი ჩემი მტერი არ არის მანამდე მაინც, სანამ ჩემი მტერი ჩემს ქვეყანას ძიძგნის და ჩემი მტერი არის ბიძინა ივანიშვილი, გახარია ჩემთვის ფოკუსის აცდენაა”, – ამბობს უგულავა „პალიტრანიუსის” ეთერში.
ამასთან, შეგახსენებთ, რომ 2017 წელს ციხიდან გამოსვლის შემდეგ გიგი უგულავამ მიხეილ სააკაშვილი, რომელიც, მისი თქმით, ლიდერობას აღარ ასხივებს, მანქანას შეადარა, რომელიც „შეიძლება მოისროლო ჯართში”.
“ჩვენ პოლიტიკოსები ყველანი ვართ მანქანებივით, რომლებიც გემსახურებით თქვენ, როცა ის მანქანა დაკარგავს თავის ფუნქციას, მაგრამ კიდევ გიყვარს, შეიძლება ის დააყენო, და მოუარო, როგორც ანტიკვარს და შემდეგ ოჯახის წევრები შაბათ-კვირას გაასეირნო, მაგრამ თუ ეს ანტიკვარად არ იქცა და თუ ეს მანქანა ისევ გაწუხებს, მაშინ სხვა გადაწყვეტილება შეიძლება მიიღო, მაშინ ეს მანქანა შეიძლება მოისროლო ჯართში“, – განაცხადა უგულავამ.
“პრაიმტაიმი”