არც თუ ისე იშვიათად გვესმის, რომ ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგოდ აცრილი ადამიანები CoVID-19-ით მაინც ინფიცირდებიან.
მსგავს ფაქტებს შეთქმულების თეორიების მოყვარულები და ანტივაქსერები თავისებურად ხსნიან. რა არის რეალურად ამის მიზეზი და არის თუ არა პანდემიის დასრულების ერთადერთი გზა ვაქცინა?
ბოლოს და ბოლოს, აცრა გვშველის?
დიახ! თუმცა არცერთ უკვე არსებულ ვაქცინას 100% -იანი ეფექტიანობა არ ახასიათებს. ეს იმას ნიშნავს, რომ აცრილთა ნაწილი მაინც დაავადდება. როდესაც ამბობენ, რომ ვაქცინა 90%-ით ეფექტიანია, ეს არ გულისხმობს, რომ აცრილთა 90%-ი არ დაავადდება. ეს ნიშნავს, რომ კონკრეტული ვაქცინირებული პირის ავადობის ალბათობა საშუალოდ, 90% -ით მცირდება.
აცრილთა შორის ინფიცირების შემთხვევები გახშირდა. რატომ?
დიახ და ეს საკმაოდ ლოგიკურია. ამ ფაქტს ორი მარტივი მიზეზი აქვს:
1. დროთა განმავლობაში აცრილთა რიცხვი იზრდება;
2. დრო გადის და თითოეული აცრილი ადამიანისთვის რაღაც ეტაპზე ინფიცირების ალბათობა მუდმივად იზრდება.
თუ ქვეყანაში ვაქცინაციის კამპანია წარმატებულია, მაშინ ერთ დღესაც ინფიცირების შემთხვევები შეიძლება აცრილთა შორის უფრო მეტი იყოს, ვიდრე- აუცრელებში. ნუ გაგიკვირდებათ, თუ ანალოგიური ინფორმაცია ვრცელდება ისრაელიდან, ყატარიდან ან დიდი ბრიტანეთიდან. მაგალითად, ახლახან აშშ-ში, სადაც აცრილი მოქალაქეების რაოდენობა უკვე ძალიან მაღალია, ახალი კორონავირუსით დაავადების შემთხვევებმა 10 ათასს გადააჭარბა. ეს, ერთი შეხედვით, ვიღაცამ შეიძლება ვაქცინაციის ეფექტიანობის საწინააღმდეგო არგუმენტად გამოიყენოს, მაგრამ სინამდვილეში ასე არ არის. ამის მიზეზი არის ის, რომ აცრილი ადამიანების რაოდენობა სულ უფრო იზრდება.
თუ აცრილი ადამიანი ინფიცირდება, დაავადება აქაც მძიმედ მიმდინარეობს?
სტატისტიკის თანახმად, აცრის შემდეგ დაავადება გაცილებით მსუბუქად მიმდინარეობს. ვაქცინირებული პირის მძიმედ დაავადების ალბათობა (უფრო ზუსტად, მეორე ინექციიდან ერთ კვირაზე მეტი ხნის შემდეგ) იმდენად იკლებს, რომ მისი ზუსტად გაანგარიშება საკმაოდ რთულია. კლინიკური კვლევების ფარგლებში, ამისათვის მოხალისეები საკმარისი რაოდენობით უბრალოდ არ ჰყავთ, თუნდაც ისინი ათობით ათასს შეადგენდნენ. მაგალითად, Pfizer-ის კვლევაში იყო მხოლოდ ერთი ადამიანი, რომლის დაავადება კლასიფიცირებულია როგორც მწვავე.
ძალიან მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ შეუძლებელია იმის თქმა, აცრის გარეშე ესა თუ ის ადამიანი COVID-19-ს როგორ გადაიტანდა. შესაბამისად, აზრი არ აქვს კითხვას, თუ რამდენად შეუმსუბუქა ვაქცინაციამ მას პირადად ახალი კორონავირუსით ინფიცირების მიმდინარეობა.
შეიძლება თუ არა აცრილმა ადამიანმა COVID-19-ი უსიმპტომოდ გადაიტანოს, თუმცა სხვა დააინფიციროს?
შეიძლება, მაგრამ ეს გაცილებით ნაკლებად მოსალოდნელია, ვიდრე – აუცრელი პირის შემთხვევაში. აცრის შემდეგ უსიმპტომო ინფიცირების რისკი ისევე მცირდება, როგორც სიმპტომური დაავადებისა. უსიმპტომო გავრცელების წინააღმდეგ ვაქცინების მაღალი ეფექტიანობის გათვალისწინებით, ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრმა (CDC) უფლება მისცა აცრილ ადამიანებს, რომ ერთმანეთთან კომუნიკაცია ნიღბების გარეშე იქონიონ. თუმცა უნდა ატარონ თუ არა ვაქცინირებულმა მოქალაქეებმა პირბადე საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, ეს მეორე საკითხია.
ნიშნავს თუ არა ეს, რომ აცრილი ადამიანი COVID-19-ით რომც დაავადდეს, გადამდები არ არის?
თუკი აცრის შემდეგ ადამიანი COVID-19-ით მაინც დაავადდა (მას სიმპტომები გამოუვლინდა, ინფექცია დაუდასტურდა), ეს ნიშნავს, რომ ვირუსი კვლავ მის ორგანიზმშია და ის შეიძლება ინფექციის წყარო გახდეს. ამ შემთხვევაში, დავადებული პირი აუცილებლად გამოჯანმრთელებას უნდა დაელოდოს – ინფექციური პერიოდი გრძელდება სიმპტომების გამოვლენიდან არა უმეტეს 10 დღისა.
“იმედინიუსი’