“სოფი ლორენთან თამაშზე არ ვიოცნებებ, რადგან მე ისეთ მსახიობებთან მითამაშია, როგორებიც არიან ნატო ვაჩნაძე და თამარ ციციშვილი” – სერგო ზაქარიაძე

„სცენარის წაკითხვისთანავე გადავწყვიტე, რომ ეს როლი სერგოს უნდა ეთამაშა. მივედი კინოსტუდიაში და საგრიმიოროში შევედი, – ბატონო სერგო, ფილმის გადაღებას ვაპირებ, სამამულო ომის თემაზე-მეთქი.
სამამულო ომზე იმდენი სურათია, ახალი რაღა უნდა გადაიღოო, მიპასუხა. როდესაც ფილმის სიუჟეტი მოვუყევი, ატირდა, მე რატომ მომიყევიო. თქვენ უნდა ითამაშოთ-მეთქი. უჰ, შენ აგაშენა ღმერთმა… თუ ამ როლს ვითამაშებ, ბედნიერი ვიქნებიო“…

დღეს, ლეგენდარულ მსახიობ სერგო ზაქარიაძის, 111 წელი შეუსრულდებოდა. საქართველოს და სსრკ-ის სახალხო არტისტი – 1909 წლის 1 ივლისს დაიბადა და 1971 წლის 13 აპრილს, 62 წლის ასაკში გარდაიცვალა.

1926 წლიდან მუშაობდა შ. რუსთაველის სახელობის თეატრში, 1928 წლიდან, კოტე მარჯანიშვილის მიერ, ქუთაისში დაარსებული თეატრის (შემდეგ მარჯანიშვილის სახელობის თეატრი) მსახიობი იყო, 1956 წელს კი, კვლავ რუსთაველის თეატრში განაგრძო მოღვაწეობა.

მსაიობის შემოქმედებაში ერთმანეთს ერწყმოდა ინტელექტუალიზმი, გაბედულება, ჩანაფიქრის ხორცშესხმისას აზრის სიცხადე და ემოციურობა, უკიდურესი სიზუსტე და სულიერი სითბო. იგი სცენური ხასიათების ფსიქოლოგიური დამუშავების ოსტატი იყო — დიდი გამომსახველობის მქონე დეტალებით, მსუყე, კონტრასტული საღებავებით, ფაქიზი ფსიქოლოგიური ნიუანსებით ძერწავდა სახეს.

ზაქარიაძის გმირთა ბუნებაში ვაჟკაცობა და ნებისყოფა ეხამებოდა ლირიზმს, სილბოს. მსახიობი თამაშობდა გმირულ, სახასიათო და კომიკურ როლებს.

1934 წლიდან მოღვაწეობდა ქართულ ფილმებში, სადაც უამრავი როლი აქვს შესრულებული – თორღვაი („უკანასკნელი ჯვაროსნები“, 1934), შადიმან ბარათაშვილი („გიორგი სააკაძე“, 1942–1943 სტალინური პრემია), ფოსტალიონი გიორგი („დღე უკანასკნელი, დღე პირველი“, 1960), სიმონა (“დარიკო”, 1936), ყარაჩოხელი (“ქეთო და კოტე”, 1948), მოხუცი მეზღვაური (“ზღვის ბილიკი”, 1962), ალმასხანი(“შეხვედრა წარსულთან”, 1966), მინაგო (“მალე გაზაფხული მოვა”, 1967), ლევან ცინცაძე (“არ დაიდარდო”, 1968). ხოლო 1965 წელს, გიორგი მახარაშვილის როლის („ჯარისკაცის მამა“, 1965, ლენინური პრემია, 1966) შესრულებით, საქვეყნოდ გაუთქვა სახელი ქართულ კინოს.

„სცენარის წაკითხვისთანავე გადავწყვიტე, რომ ეს როლი სერგოს ეთამაშა. მივედი კინოსტუდიაში და საგრიმიოროში შევედი. ბატონო სერგო, ფილმის გადაღებას ვაპირებ, სამამულო ომის თემაზე-მეთქი. სამამულო ომზე იმდენი სურათია, ახალი რაღა უნდა გადაიღოო.

როდესაც ფილმის სიუჟეტი მოვუყევი, ატირდა – მე რატომ მომიყევიო. თქვენ უნდა ითამაშოთ-მეთქი. უჰ, შენ აგაშენა ღმერთმა… ბიჭო, რა კარგი რამეა! თუ ამ როლს ვითამაშებ, ბედნიერი ვიქნებიო. სერგოც ტიროდა და მეც. გადაწყდა, ამ სცენარზე ფილმი გაგვეკეთებინა, მთავარი როლი კი, სერგოს ეთამაშა.

ჩემ გადაწყვეტილებას, მთავარ როლზე სერგო ზაქარიაძე ამეყვანა, კინოსტუდია „ქართული ფილმის” ხელმძღვანელობა სასტიკად ეწინააღმდეგებოდა. მათ სურდათ, რომ ეს როლი სპარტაკ ბაღაშვილს ეთამაშა, რადგან იმ დროისთვის, ის ყველა მთავარი როლის შემსრულებელი იყო. მე და სცენარისტმა სულიკო ჟღენტმა, ეს როლი სერგოსთვის, დიდი ბრძოლის შედეგად მოვიპოვეთ“… – ამბობდა რეზო ჩხეიძე.

ბევრმა არ იცის, რომ ფილმში, სცენარისტ სულიკო ჟღენტის პირადი ცხოვრების რეალური ამბავია გამოყენებული – 18 წლის იყო, როცა ოჯახის დაუკითხავად, ომში მოხალისედ წავიდა. მტერთან მორიგი შეტაკებისას, მძიმედ დაიჭრა და ჰოსპიტალში მოათავსეს. მამამ, შვილის მოძებნა გადაწყვიტა და სანამ იპოვნიდა, მძიმე და რთული გზა გაიარა.

რეზო ჩხეიძის ლეგენდარული ფილმის გადაღებიდან, 56 წელი გავიდა, მაგრამ „ჯარისკაცის მამის“ გულიდან ამოხეთქილი სიტყვები –  „დედაშენს რა ვუთხრა, ბიჭო!”, დღესაც არავის ტოვებს გულგრილს. ის ერთნაირი ოსტატობით ქმნიდა ერთმანეთისგან, სრულიად განსხვავებულ გმირის სახეებს.

„ჯარისკაცის მამამ” ეკრანზე გამოსვლისთანავე (1964 წ.) დიდ წარმატებას მიაღწია და პრემია კორკში (ირლანდია), X საერთაშორისო კინოფესტივალზე მიიღო; 1965 წელს დაიმსახურა დიპლომი სან-ფრანცისკოსა და სალონიკის კინოფესტივალებზე; რომის II საერთაშორისო კინოფესტივალზე კი პრიზი -„კაპიტოლიუმის იუპიტერი“ მიიღო. მოსკოვის საერთაშორისო კინოფესტივალზე, ბატონ სერგოს, „მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის“ პირველი პრიზი ერგო.

„მე ყოველი სახისადმი, ერთნაირად ვარ განწყობილი. ხომ არის როლები, რომლებიც არ გამოვიდა? მე ისინიც მიყვარს. უფრო მეტიც, იმ როლებმა შემაქმნევინეს უფრო ფასეული და დიდი. ჩემი როლები, შვილებად მყავს წარმოდგენილი. დედას, ხომ არ შეუძლია, რომელიმე მათგანს დააკლოს სითბო და ზრუნვა!… ამას იმიტომ ვამბობ, რომ მე არ მითამაშია როლი, რომელზეც ღამეები არ მითენებია და თუ რომელიმე მათგანი, უდღეური აღმოჩნდა, ისინი მაინც ღვიძლია, რადგან მათ „უდღეურობაში“, მე უფრო მიმიძღვის წვლილი. ამიტომ ყველა ერთნაირად მიყვარს,” – ამბობდა ზაქარიაძე.

ფილმის გამოსვლის შემდეგ, გურჯაანში დაიდგა ძეგლი – „ჯარისკაცის მამა”.

„იუნესკომ 2013 წელი , „ჯარისკაცის მამის” წლად გამოაცხადა. დიდმა იაპონელმა კინორეჟისორმა აკირა კუროსავამ, რეზო ჩხეიძე მსოფლიოს ყველა ჯარისკაცის მამად აღიარა. მსოფლიო კინოს გრანდმა ფედერიკო ფელინიმ კი ერთხელ, მაღალი ტრიბუნიდან განაცხადა: „ჯარისკაცის მამის“ შემდეგ, ომის თემატიკაზე კინოსურათის გადაღებას, აზრი არა აქვს, რადგან ახალს ვერაფერს იტყვიო.

1965 წელს, მოსკოვში მეხუთე საერთაშორისო კინოფესტივალზე სერგო ზაქარიაძე და იტალიელი მსახიობი სოფი ლორენი ერთმანეთს შეხვდნენ. ამბობდნენ, მსოფლიოში ულამაზესმა ქალმა, სოფი ლორენმა თავად მოისურვა სახელოვან ქართველ მსახიობთან ფოტოს გადაღება.

მოგვიანებით სერგო ზაქარიაძეს ჰკითხეს, ალბათ, სიამოვნებით ითამაშებდით ამ ლამაზ ქალთან ერთადო. მე მსახიობი ვარ და ყველა ჩემს კოლეგასთან – ქართველთან, რუსთან თუ ფრანგთან – სიამოვნებით ვიმუშავებ. თუმცა, სოფისთან თამაშზე არ ვიოცნებებ, რადგან მე ისეთ მსახიობებთან მითამაშია, როგორებიც არიან ნატო ვაჩნაძე და თამარ ციციშვილი. ისინი ტოლს არ უდებენ არც სილამაზით, არც ნიჭიერებით იტალიელ მსახიობსო, – უპასუხა მსახიობმა.

სერგო ზაქარიაძე – მთაწმინდის პანთეონშია დაკრძალული.