მზად ვართ, განვიხილოთ თითოეული საკითხი, რომელიც ეხება “ნამახვანჰესის” საკითხებს

მზად ვართ, განვიხილოთ თითოეული საკითხი, რომელიც ეხება “ნამახვანჰესის” გარემოზე ზემოქმედების საკითხებს – ნინო თანდილაშვილი.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, ნინო თანდილაშვილის განცხადებით, მისი უწყება მზადაა, “ნამახვანჰესის“ გარემოზე ზემოქმედების თაობაზე ყველა კითხვა განიხილოს და მხარეებს ამომწურავი პასუხები მიაწოდოს.

– “გარემოზე ზემოქმედების შეფასება ქვემო ნამახვანის პროექტთან დაკავშირებით ჩატარებულია კანონმდებლობის სრული დაცვით, არსებობს ყველა შესაბამისი კვლევა, რომელიც ამ პროექტის უსაფრთხოებას უსვამს ხაზს, ასევე ჩატარებულია ყველა შესაბამისი კვლევა იმისთვის, რომ გარემოზე ზემოქმედების რისკები მინიმუმადე იყოს დაყვანილი. ჩვენი სამინისტროს და მთავრობის მხრიდან არაერთხელ გამოითქვა შეთავაზება, რომ მზად ვართ, დიალოგისთვის. არაერთი ფორმატი გვქონდა ამისთვის, მათ შორის საკომიტეტო მოსმენები, ადგილზეც ჩავედით. მზად ვართ, გარემოს დაცვის ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით სამუშაო ფორმატში ექსპერტების და კვალიფიციური სპეციალისტების ჩართულობით განვიხილოთ თითოეული საკითხი, რომელიც ეხება ჰესის გარემოზე ზემოქმედების საკითხებს და გვქონდეს ამომწურავი პასუხები თითოეულ ამ საკითხთან მიმართებით” – განაცხადა თანდილაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს მთავრობის მიერ მოწვეული ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტისა და მოლაპარაკებების ცენტრი “ნამახვანი ჰესის” პროექტთან დაკავშირებით დღეს მედიაციის პირველ შეხვედრას მართავს.

შეხვედრას ესწრებიან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ასევე გარემოს დაცვის სამინისტროს და “რიონის ხეობის მცველების” წარმომადგენლები.

წყარო: itv.ge