ნიკა მელია, თინა ბოკუჩავა და ნონა მამულაშვილი აშშ-ში გაემგზავრნენ

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელია პარტიის წევრებთან, თინა ბოკუჩავასა და ნონა მამულაშვილთან ერთად აშშ-ში გაემგზავრა. როგორც აეროპორტში მელიამ ჟურნალისტებთან ვიზიტის მიზეზი განმარტა:

– “ვაშინგტონში შეხვედრები გაიმართება ყველა დონეზე, კონგრესში, სენატში, უშიშროების საბჭოსა თუ სახელმწიფო დეპარტამენტში. შევხვდებით ყველა იმ ადამიანსა თუ ორგანიზაციას, რომლებიც აქტიურ მონაწილეობას იღებენ ამერიკის ეკონომიკური და საგარეო პოლიტიკის ფორმირების პროცესში.

ადამიანებთან, რომლებიც გავლენას ახდენენ სხვადასხვა პოლიტიკის ჩამოყალიბების მიმართულებით. განსაკუთრებით იმ ადამიანებთან, ვინც ძალიან ახლოს არის დაკავშირებული საკუთარი საქმიანობით საქართველოსა და ჩვენს რეგიონთან. ბოლო წლების განმავლობაში „ნაციონალურ მოძრაობას“ არ ჰქონია ვაშინგტონში ვიზიტი. აქედან გამომდინარეც, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ჩემთვის, როგორც არჩეული პარტიის თავმჯდომარისთვის ეს არის ამ რანგის პირველი შეხვედრა. მინდა, მათ იცოდნენ ჩვენი, „ნაციონალური მოძრაობის“ ხედვა და გეგმები და რაზეც მეტად უნდა ვისაუბრო, ვიდრე საკუთარი პარტია, არის ამ ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა, უსაფრთხოება, ასევე რეგიონში შექმნილი უმძიმესი ვითარება და კიდევ უფრო სახელმწიფოებს შორის ურთიერთობის გაღრმავება.

ვფიქრობ, ეს ათდღიანი, საკმაოდ დატვირთული ვიზიტი ვაშინგტონში არ ჩაივლის უკვალოდ. ეს კვალი უახლოეს მომავალში დაეტყობა ჩვენი ქვეყნის უკეთეს განვითარებას, კარს მომდგარ არჩევნებზეც იქნება საუბარი და მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორებმა, მთელმა საერთაშორისო თანამეგობრობამ, როგორც არასოდეს, მაღალი ხარისხის ყურადღება მიაპყროს ოქტომბრის არჩევნებს” – განაცხადა ნიკა მელიამ.

წყარო: newposts.ge