პარლამენტში თითქმის მთელი ოპოზიციის შესვლის მიუხედავად, რუსთაველის გამზირზე ოპოზიციის ბოიკოტის პარალელურად გაშლილი კარვები კვლავ რჩება.
ამ დროისთვის პარლამენტის წინ რამდენიმე კარავია გაშლილი, მათ შორის, ორი კარავი “მოძრაობა საქართველოსთვის” წევრებს ეკუთვნით. როგორც მოძრაობის ერთ-ერთი წევრი გიორგი მუმლაძე ნეტგაზეთთან ამბობს, ოპოზიციის ბოიკოტის დასრულების მიუხედავად, მათი კარვები რუსთაველის გამზირზე დარჩება. მისი თქმით, კარვების გაშლის პირველი მიზეზი არჩევნების შედები და ვადამდელი არჩევნების მოთხოვნა გახდა, თუმცა, პარალელურად, მათ მოთხოვნებს პოლიტიკური დევნის შეწყვეტა დაემატა.
როგორც მუმლაძე ამბობს, მიუხედავად იმისა, რომ ბოიკოტი შეწყდა, აქტივისტების დევნა გრძელდება და მთავარი საფრთხისა და ზეწოლის ქვეშ ახლა ისინი აღმოჩნდნენ. მისი თქმით, “მოძრაობა საქართველოსთვის” ყველა წევრზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, ზოგზე რამდენიმეც კი და ამას ემატება “კოლოსალური ჯარიმები, რომელიც რამდენიმე ასეულ ათას ლარს სცდება”.
როგორც მუმლაძე ამბობს, მათი მოთხოვნები უცვლელია და პარლამენტის წინ კარვები დარჩება მანამ, სანამ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები არ დაინიშნება და ქვეყანაში პოლიტიკური ნიშნით დევნა არ შეწყდება.
“მანამ გაგრძელდება ეს პროცესი, სანამ არ შეწყდება ყველა ადამიანის მიმართ ეს პოლიტიკური დევნა. იმიტომ, რომ ფიზიკური არსებობის საშუალება აღარ გვაქვს, ადამიანებს ხელფასი ვერ ერიცხებათ, იმდენად დიდი ჯარიმები აქვთ. ამ ფონზე ჩვენი კარავი იქ დარჩა რამდენიმე ჯგუფთან ერთად. ეს სივრცე არის ყველასთვის ღია. ვისაც აქვს სურვილი, რომ გააპროტესტოს და თავის სათქმელი თქვას, მათთვის არის ეს.
მეორე მხრივ, ჩვენ პირდაპირ ვამბობთ, რომ პარლამენტში დეპუტატთა შესვლით პარლამენტის ლეგიტიმაცია არ მომხდარა. ეს პარლამენტი არის არალეგიტიმური, გაყალბებული არჩევნების შედეგად. ამიტომ ჩვენ, ერთი მხრივ, ამ პოლიტიკური დევნის შეწყვეტას ვითხოვთ, მეორე მხრივ, რაც შეგვეძლება ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მალე დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები”, — ამბობს გიორგი მუმლაძე.
პარლამენტთან კიდევ ერთი კარავი “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერებს ეკუთვნით. კარავთან ერთად რუსთაველის გამზირზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გამოსახულებით ბანერია აღმართული. როგორც ენმ-ის წევრი გოჩა კოკაია ნეტგაზეთთან ამბობს, კარავი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გაშალეს, რადგან ისინი არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ. თუმცა მათ მთავარ მოთხოვნად ასევე მიხეილ სააკაშვილის მიმართ “პოლიტიკური დევნის” შეწყვეტასა და მისთვის საქართველოში დაბრუნების საშუალების მიცემას ასახელებს.
მიუხედავად იმისა, რომ თავად “ნაციონალური მოძრაობა” პარლამენტში შევიდა, გოჩა კოკაიას თქმით, მათი მოთხოვნა უცვლელია და ისინი ბრძოლას ყველა ფრონტზე გააგრძელებენ როგორც პარლამენტს შიგნით, ისე მის გარეთ.
როგორც კოკაია აცხადებს, ის ენმ-ის გლდანის კენტი მიკრორაიონების თავმჯდომარეა და რადგან “გლდანში ყველაზე მეტი დარღვევა იყო არჩევნებზე”, უშუალოდ პარტიის გლდანის ოფისმა გადაწყვიტა რუსთაველზე კარვის გაშლა.
“გადავწყვიტეთ, რომ პროტესტი გამოვხატოთ თვითონ გლდანელებმა, გავხსენით კარავი და ძირითადი მოთხოვნაა, გაუქმდეს გაყალბებული არჩევნები, დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები.
ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილზე პოლიტიკური დევნა უნდა შეწყდეს, ეს აუცილებელია და უნდა მიეცეს საშუალება, რომ ჩაერთოს საქართველოში პოლიტიკურ პროცესებში. მთლიანობაში იქ [პარლამენტის წინ] ექვსი კარავია და ერთ-ერთი ჩვენია. პარალელურად, ჩვენი პარტია პარლამენტის შიგნითაც იბრძვის და გარეთაც ვიბრძვით. აუცილებლად უნდა დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები ოქტომბერში[…] აუცილებელია სააკაშვილის ჩართვა, რომ ჩაერთოს ამ რეფერენდუმში და უშუალოდ მან უნდა მიიღოს მონაწილეობა საქართველოში პოლიტიკურ პროცესებში, მიეცეს მას საქართველოში ყოფნის საშუალება. ჩვენ ახლა ვიბრძვით ყველა ფრონტზე, რამე თუ არსებობს, პარლამენტს შიგნით და გარეთ ქუჩაშიც, აბსოლუტურად ყველგან ვიბრძოლებთ, სანამ შეგვიძლია, რომ ვიბრძოლოთ”, — ამბობს გოჩა კოკაია.
თუმცა, რუსთაველის გამზირზე კარვები საპარლამენტო არჩევნებამდეც იყო, რომლებიც ამ დრომდე რჩება. მათ შორისაა თემირლან მაჩალიკაშვილის მამის, მალხაზ მაჩალიკაშვილისა და თამარ ბაჩალიაშვილის მამის კარვები, რომლებიც თავიანთი შვილების საქმეების სამართლიან და მიუკერძოებელ გამოძიებას და დამნაშავეების დასჯას ითხოვენ. პარლამენტის წინ ასევე კარავი აქვს დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმასაც, რომელიც წლებია, ძმის გათავისუფლებას ითხოვს.
“ნეტგაზეთი”